
ელენე თევდორაძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ხდება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ მას პრეზიდენტმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა.
”უკვე გადაწყვეტილია, რომ კონფლიქტებისა და რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილედ (ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში) დავინიშნები,”- განაცხადა მან გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 28 აპრილს გამოქვეყნდა, ”პრეზიდენტმა შემომთავაზა, ამერჩია ისეთი ადგილი, სადაც ისევ გავაგრძელებდი ძველ საქმიანობას. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე”.
ელენე თევდორაძე 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგანაც ის ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში არ არის შესული. ახალ პარტიულ სიაში ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ 10-მდე ყოფილი დეპუტატია წარმოდგენილი.