ახალი ამბები

რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს – ბაქრაძე

რუსეთის განცხადება საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე არის საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა მოსკოვის იმ გადაწყვეტილებაზე მწვავე რეაქციის შემდეგ, რომელიც სოხუმთან და ცხინვალთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას ეხება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ 18 აპრილს.


”ეს არის საერთაშორისო რეაქციის შერბილების მცდელობა,”- განაცხადა 18 აპრილს დავით ბაქრაძემ, ”ამითი რუსეთი ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ის განწყობილია საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა როგორმე ჩააცხროს ეს ძალიან მწვავე რეაქცია, რომელიც მოყვა რუსეთის პრეზიდენტის უკანასკნელ განკარგულებას. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმდენად ნათელი შემთხვევაა, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები შეცდომაში ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს ნამდვილად ვერ შეიყვანს”.


”თუ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიის 1/3-ის ანექსია და პარალელურად დარჩენილ 2/3-თან ურთიერთობების გაუმჯობესება, ეს არის არასწორი მიდგომა,”-განაგრძო მან, ”ქართულ-რუსული ურთიერთობების ტესტს წარმოადგენს კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის გარეშე, მე წარმოუდგენლად მეჩვენება როგორც უნდა მოახერხოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება და პოზიტივის ჩვენება”. 


 


 

Back to top button