ახალი ამბები

ოპოზიცია წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

ცხრა ოპოზიციური პარტიის ბლოკისთვის წინასაარჩევნოდ სატელევიზიო სივრცე შეზღუდულია და საარჩევნო სიებში არ არის მითითებული ამომრჩეველთა მისამართები, რაც სიების გადამოწმების პროცესს ხელს უშლის, აცხადებს გაერთიანებული ოპოზიცია.


”შუქდება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კამპანია ცუდად კი არ შუქდება, საერთოდ არ შუქდება,”- განაცხადა კონსერვატორმა დეპუტატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”რა თქმა უნდა, ეს პრეტენზიები ეხება, პირველ რიგში, ”რუსთავი2”-ს და ”მზეს”.


17 აპრილს გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ წყვეტს ბოიკოტს ”რუსთავი 2”-სა და ”მზის” მიმართ, რომელიც მარტში გამოაცხადა და ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებისაკენ მოუწოდა. თუმცა 18 აპრილს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაციას ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტები არ დასწრებიან.


იმავდროულად, დღეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განცხადება გააკეთა ქვემო ქართლში პარტიის მაჟორიტარ დეპუტატებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა მან ამ კანდიდატების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა. 


მისი თქმით, პოლიცია ახორციელებს ”ტერორს” რესპუბლიკელი კანდიდატების წინააღმდეგ, რათა უარი ათქმევინონ არჩევნებში მონაწილეობაზე. უსუფაშვილმა ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

Back to top button