ახალი ამბები

თბილისი უარყოფს ძალების განთავსებას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა კატეგორიულად უარყო აფხაზური მხარის განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისმა ზუგდიდის რაიონში და ზემო კოდორის ხეობაში თავისი ძალები განათავსა.


აფხაზური მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ 2 500-მდე სამხედრო განათავსა ზუგდიდის რაიონში და 800 სამხედრო ზემო კოდორის ხეობაში. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 17 აპრილს გააფრთხილა, რომ აფხაზური მხარე თავის ძალებს გალის რაიონისკენ დაძრავს, თუ ქართული ძალები 18 აპრილს საღამომზე არ დატოვებენ ზუგდიდს.


18 აპრილს პრესკონფერენციაზე საუბრისას თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ქართული მხარის პროვოცირებას ცდილობს მისი შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევის მიზნით.


ამასობაში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ 18 აპრილს განაცხადა, რომ აფხაზური ძალების გალში განთავსება საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას.   


”რუსეთის პირდაპირი და ღია მხარდაჭერის პირობებში, საქმე იქამდეა მისული, რომ სეპარატისტული რეჟიმები თავს უფლებას აძლევენ პირდაპირ დაემუქრონ გალის რაიონის და ზემო აფხაზეთის მშვიდობიან მისახლეობას,” – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს, ”საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რათა არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია და ვითარების დაძაბულობა. მაგრამ მე მინდა ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არანაირი ხიფათის შექმნას ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მე ვურჩევ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს ეს”.  


 

Back to top button