
ბარამიძე საგანგებო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე 18 აპრილს საგანგებო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოს ოფიციალურ პირებთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ბარამიძის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელიდან იგი ლონდონში, შემდეგ კი საფრანგეთში გაემგზავრება.
ვიზიტი ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური მცდელობების ფარგლებში, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 აპრილს განაცხადა, ”საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის” მიზნით რუსეთის იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს.
ბარამიძის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში დაგეგმილია მოლაპარაკებები NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან კლაუდიო ბისოგნიეროსთან, NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში რობერტ სიმონსთან, ასევე ნატოს ცამეტი წევრი სახელმწიფოს ელჩებთან.
”ჩვენი მიზანი ნათელია: არ დავუშვათ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ანექსია და თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი რეგიონში; ჩვენ გვინდა მშვიდობა,” – განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში გამგზავრებამდე.