ახალი ამბები

სოხუმი თბილისს საზღვართან ძალების განთავსების წინააღმდეგ აფრთხილებს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ქართული მხარე თვითგამოცხადებულ რეგიონთან საზღვარზე და ზემო კოდორის ხეობაში ძალების განთავსებაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ ”ადექვატურ ზომებს” მიიღებს, თუ თბილისი ძალებს არ გაიყვანს.


”აფსნიპრესის” ცნობით, ბაღაფში 17 აპრილს საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილეს ივო პეტროვს შეხვდა და თავისი შეშფოთების შესახებ ესაუბრა.


”აფხაზეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა გაეროს მისია, რომ [აფხაზეთი] ადექვატურ ზომებს მიიღებდა, მათ შორის აფხაზური შეიარაღებული ძალების გალში განთავსების ჩათვლით, და ასევე გარკვეულ ზომებს განახორციელებდა ზემო კოდორის ხეობაში, თუ გაეროს მისია არ მოახდენდა ზეწოლას ქართულ მხარეზე,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.


ამასობაში, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ აფხაზური მხარე ”ადექვატურ ზომებს” მიიღებს, თუ ზუგდიდში და ზემო კოდორის ხეობაში განთავსებული ქართული ძალები არ დატოვებენ ამ ტერიტორიებს 18 აპრილს, დღის მეორე ნახევრისთვის.

Back to top button