ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიცია ”რუსთავი 2”-თან და ”მზესთან” ბოიკოტს წყვეტს

ცხრა ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კოალიციამ განაცხადა, რომ წყვეტს ბოიკოტს ტელეკომპანიების ”რუსთავი 2”-ისა და ”მზის” მიმართ, რომელიც შიმშილობის აქციის დროს, მარტის ბოლოს გამოაცხადა.


მაშინ ოპოზიციამ განაცხადა, რომ არ მისცემდა კომენტარებს ”რუსთავი 2”-ს და ”მზეს” იმ მოტივით, რომ მათი განცხადებები დამახინჯებულად არ მისულიყო საზოგადოებამდე, თუმცა იქვე დასძინა, რომ უარს არ ამბობდა პირდაპირ ეთერის რეჟიმში ამ ტელეკომპანიებთან თანამშრომლობაზე. 


”მინდა განვაცხადო ყველა ჟურნალისტის, ყველა მედია საშუალების საყურადღებოდ, რომ  ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის, ღიაა ყველა ტელევიზიისთვის, ყველა ჟურნალისტისთვის, მიუხედავად მათი აგრესიული თუ ლოიალური დამოკიდებულებისა,” – განაცხადა დღეს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკის შტაბის პრეზენტაციაზე.

”ეს შტაბი ღიაა ”რუსთავი 2”-საც, ”მზისთვისაც”, ყველა ტელეკომპანიისთვის, ყველა საგაზეთო ჟურნალისტისთვის, ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ამიტომ ნურავინ ნუ მოიმიზეზებს, რომ რაიმე ბარიერი ექმნება, პირიქით, ჩვენ მზად ვართ ყველას მივაწოდოთ ინფორმაცია, ყველას მივცეთ კომენტარი,”- დასძინა მან.


იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მისი საარჩევნო ბლოკი 17 აპრილიდან ”საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობას იწყებს”.

მსგავსი/Related

Back to top button