ახალი ამბები

აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ”ურყევ მხარდაჭერას” უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები ”ურყევ მხარდაჭერას” უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და დეტალურად შეისწავლის იმას, თუ რის გაკეთებას აპირებს რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 16 აპრილს.


”მოდით გავარკვიოთ, თუ რისი გაკეთება შესთავაზეს [რუსეთის] საგარეო საქმეთა სამინისტროს, სანამ მე უფრო დეტალურ განცხადებას გავაკეთებდე. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენი ძირითადი პოზიცია ემთხვევა იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, და ეს არის ჩვენი სრული, ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ,” – განაცხადა მაკკორმაკმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ 16 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის ნაბიჯი, რომელი მიზნად ისახავს ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას სოხუმთან და ცხინვალთან, არის საქართველოს ამ ორი თვითგამოცხადებული რეგიონის ”დე ფაქტო ანექსიის ლეგალიზების” მცდელობა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button