
პარიზის სასამართლომ ოქრუაშვილის ექსტრადიციის საქმის გადაწყვეტა კიდევ გადადო
პარიზის სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე 11 ივნისამდე გადადო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ესტრადიციის საქმის განხილვა.
ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს პარიზში ოქრუაშვილის ადვოკატმა და მისივე ოპოზიციური პარტიის მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი თქმით, პროცესის გადადების ”ფორმალური” მიზეზი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფრანგ კოლეგებთან გაგზავნილი განაჩენი, რომლითაც 28 მარტს ოქრუაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამოძალვის მუხლებით.
ქართული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ირაკლი ოქრუაშვილს ავტომატურად ჩამოერთვა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება.
”ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დღესაც გრძელდება,”- განუცხადა ბესელიამ 16 აპრილს ჟურნალისტებს.