
თამარ კინწურაშვილი ინტეგრაციის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა ეთნიკური უმცირესობების და ინტეგრაციის საკითხებში.
ეს პოსტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც იანვარში მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაუქმდა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
”ჩემი პრიორიტეტი ამ თანამდებობაზე იქნება ტოლერანტობის ხელშეწყობა – რაც საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაცია ამ და ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით,” – განუცხადა კინწურაშვილმა Civil.Ge-ს 16 აპრილს.
კინწურაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტის დატოვება მარტის დასაწყისში მოუხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს და ხელმძღვანელობის შეცვლის თაობაზე.