skip to content
ახალი ამბები

აშშ ”ძლიერ მხარდაჭერას” უცხადებს თბილისის აფხაზურ ინიციატივებს

აშშ-ს ელჩმა გაეროში ზალმაი ხალილზადმა 15 აპრილს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ”მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ ახალ ინიციატივებს, რომლებიც ეხება მოლაპარაკების გზით აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობას”. 


”მოვუწოდებთ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სერიოზულად განიხილონ ეს ინიციატივები, ასევე წლის დასაწყისში ჟენევაში გაკეთებული შემოთავაზებები ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ,” – განაცხადა მან.


თუმცა, რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისს ეს ინიციატივები ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია აფხაზური მხარისთვის.


”წინადადებები, რომლებიც ელჩმა ხალილზადმა მოიწონა და რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა გაახმოვანა, ჯერ არ წარუდგენიათ აფხაზური მხარისთვის; ამიტომაც ისმის კითხვა, მართლაც არის მიმართული მათი გონება პოლიტიკური პროცესისკენ თუ სამხედრო საკითხებისკენ,” – განაცხადა ჩურკინმა.


28 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმოვანა რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, აფხაზეთის წარმომადგენლობა ცენტრალურ ხელისუფლებაში და ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება, რომელსაც აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ვეტოს დადების უფლება ექნება. ანალოგიური ინიციატივა თბილისმა 2006 წელსაც გაახმოვანა, თუმცა ეს საკითხი თბილისმა ხელმეორედ მხოლოდ წელს მარტში წამოიწია.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა მიუღებელია, რადგანაც აფხაზეთის ერთადერთი მიზანი დამოუკიდებლობაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button