
”ოქროს საწყისი” ფოთში
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 აპრილს ფოთში ახალი პორტის მშენებლობისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) გახსნის ცერემონიალზე აღნიშნა, რომ ეს არის მცდელობა ”საქართველო ვაქციოთ ამ რეგიონის დუბაით და სინგაპურად”, რაც ”მოახდენს ნამდვილ ახალ ქართულ ეკონომიკურ სასწაულს”.
”მე არა ვარ პოპულისტი, რომ ვინმე მოვატყუო – სასწაული აქ 6 თვეში არ მოხდება, მაგრამ სასწაული აქ აუცილებლად მოხდება და იმაზე ბევრად უფრო მალე, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს არის უფრო მეტი, ვიდრე ერთი ადამიანის პრეზიდენტობა, ერთი პარლამენტის ვადა, ვიდრე რომელიმე მთავრობის ვადა და მხოლოდ მისი მოღვაწეობის შედეგები”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს საჯაროდ მოაწერა ხელი ფოთის პორტის განვითარების და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ დოკუმენტს.
ფოთში ინდუსტრიულ ზონას და ახალი პორტის მშენებლობას რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდი განახორციელებს. რას ალ ხაიმა ფოთის მოქმედი პორტის აქციების 51%-ს ყიდულობს, ხოლო დანარჩენი საქართველოს ხელისუფლების საკუთრებაში რჩება.
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება ”სამჯერ უფრო დიდი პორტის მშენებლობა”.
”ახალი პორტი აღიჭურვება საპორტო ტექნოლოგიების ყველაზე მაღალი სახეებით, ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება აქ უახლოეს პერიოდში და მე მინდა, ხაზი გავუსვა, შეიქმნება სამუშაო ადგილები არა უცხოელებისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის. მთავარი მოგებული მხარე და მთავარი დასაქმების ცენტრი არის საქართველოს მოქალაქე,”- განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს მთავრობა ფოთის თიზ-ის განვითარებაში, რომელსაც ასევე რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდი განახორციელებს, უახლოესი 50 თვის განმავლობაში მინიმუმ 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას, ”ათობით ათასი” საქართველო მოქალაქის დასაქმებას და 400-ზე მეტი ახალი ინდუსტრიული ობიექტის ამოქმედებას ელის.
”მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი დღე არის საქართველოს ახალი ოქროს ხანის დასაწყისი – ეს არის ”ოქროს საწყისი” ყველა ქართველისთვის, ნემისმიერი ეთნიკური წარმომავლობის ყველა მოქალაქისთვის, საქართველოს მომავლისთვის. ახალი პორტი და ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოახდენს ნამდვილ ახალ ქართულ ეკონომიკურ სასწაულს. ამის შედეგად ყველა ქართველი ოჯახი იგრძნობს შვებას და ეს არ არის ცოტა,”- განაცხადა სააკაშვილმა 15 აპრილს.
მან ასევე ისაუბრა იმ უპირატესობებზე, რომელიც მისი თქმით, საქართველოს რეგიონის სხვა სახელმწიფოებისაგან გამოარჩევს და რაც მოიზიდავს ინვესტიციებს ქვეყანაში.
”ჩვენ არა გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ის, რაც არა აქვს რეგიონში პრაქტიკულად არცერთ ქვეყანას: ეფექტური მთავრობა; ძალიან მცირე ბიუროკრატია, რომელიც ემსახურება ხალხს და არ გრძნობს თავს ხალხის უფროსად, არამედ არის ხალხის მსახური; არაკორუმპირებული გარემო; დანაშაულის დაბალი დონე, ჩვენ შევამცირეთ დანაშაული ბოლო ორ წელიწადში 2.5-ჯერ; და საქართველოს აქვს მარტივი პროცედურები, დაბალი გადასახადები, ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”დღევანდელი დღე ეძღვნება მთლიანად საქართველოს, მაგრამ პირველ რიგში იმ ხალხს ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს, მათ ვისაც სჭირდება თანადგომა საქმით და არა უბრალოდ ლაპარაკით. ამიტომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალიან დიდი საქმის დასაწყებად. დღეს ჩვენ დავადგებით გზატკეცილს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოსთან სიღარიბის გარეშე,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან თავის გამოსვლაში არაერთხელ გამოიყენა ის ფრაზეოლოგია, რომელიც მმართველი პარტიის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მთავარ ლოზუნგებად ჟღერს.
”ყველაფერი რაც კეთდება ეს არის ’საქმე ლაპარაკის ნაცვლად’ [ნაციონალური მოძრაობის მთავარი ლოზუნგი საპარლამენტო არჩევნებზე],”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს ყველაფერი არ კეთდება არც ერთი არჩევნებისთვის და ალბათ დამიჯერებთ, რომ მე უკვე არჩეული ვარ და მე მეორედ ამ პოსტზე ნამდვილად კენჭისყრას არ ვაპირებ… მე მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტი არის ბევრად უფრო გრძელვადიანი, ვიდრე თუნდაც ეს ხუთწლიანი პრეზიდენტობა და მისი შედეგების დასაწყისი იქნება უკვე სამი თვის შემდეგ, შუალედური შედეგები იქნება უახლოეს წლებში, მაგრამ რეალურად საბოლოო შედეგები, აღორძინება, 100-სართულიანი ცათამბჯენები ფოთის ცის კაბადონზე ამას დასჭირდება 5 წელზე ბევრად მეტი წელი და ათწლეულები”.