ახალი ამბები

სააკაშვილი არეულობის წინააღმდეგ აფრთხილებს

ვერავინ ვერ შეძლებს არეულობის გაღვივებას საქართველოში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის შემდეგ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 აპრილს.


”მე მესმის, რომ ყველა პარტია ცდილობს, რომ თავისი ქულები დაიწეროს [არჩევნების წინ]. ღმერთმა ხელი მოუმართოს. რაც უფრო მეტად აუხსნიან ეს პარტიები ხალხს, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ხალხისთვის, რისი გაკეთება შეუძლიათ სიღარიბის დაძლევისთვის, რისი გაკეთება შეუძლიათ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და თუ ამას დამაჯერებლად გააკეთებენ და თვითონაც დაიჯერებენ იმას, რასაც იტყვიან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მაგრამ თუ მათი პოლიტიკური პლატფორმა იქნება, რომ ”ჩვენ მოვაწყობთ აჯანყებას, ჩვენ მოვაწყობთ არეულობას”, ჩვენ ამ არეულობას არავის არ მოვაწყობინებთ, ამის საშუალებას არავის არ მივცემთ. მაგრამ ლაპარაკიც კი უცხოელ ინვესტორებს აშინებს. ჩვენი რესურსი არის არა გაზი და ნავთობი, რომელიც არ გვაქვს, ჩვენი რესურსია სიმშვიდე, სტაბილურობა, არაკორუმპირებული მთავრობა და ინტელექტუალური ქართველები”. 


ცხრა პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ”სახალხო აჯანყება” გარდაუვალი იქნება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში.


სააკაშვილი დღეს ოზურგეთს ეწვია და ადგილობრივ ამომრჩეველს შეხვდა. მისი გამოსვლა ქართულმა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გაუშვეს.


”ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ყველას, ქვეყნის ეკონომიკური წარმატება იქნება ყველას ეკონომიკური წარმატება. და ჩვენი ქვეყნის მარცხი, არეულობის მცდელობა და იმიტაციაც კი ერთხელ და სამუდამო დაგვაკარგინებს იმ შანსს, რომელიც როგორც იქნა გაგვიჩნდა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

Back to top button