ახალი ამბები

გაზეთის ცნობით, კრემლი განიხილავს ოფიციალურ ურთიერთობებს სოხუმთან და ცხინვალთან

კრემლმა მოამზადა პრეზიდენტის განკარგულება ”რუსეთის ფედერაციის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთობების გაღრმავებას ორ თვითგამოცხადებულ რეგიონთან, წერს რუსული ”ნეზავისიმაია გაზეტა” 14 აპრილს.


გაზეთი იტყობინება კრემლის უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ განკარგულება საშუალებას მისცემს სხვადასხვა სამინისტროებს და სახელმწიფო სტრუქტურებს თავიანთი წარმომადგენლობები გახსნან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ”რათა პირდაპირი ოფიციალური თანამშრომლობა დამყარდეს ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან”. გაზეთის ცნობით, ჯერჯერობით არ განიხილება რუსეთის საკონსულოს გახსნის საკითხი.


”მოსალოდნელია, რომ გაიხსნება ერთი წარმომადგენლობა, ვთქვათ, [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები] რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად – ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების მისიები შესაძლოა ჩამოყალიბდეს ამ წარმომადგენლობის ქოლგის ქვეშ,” – იტყობინება ”ნეზავისიმაია გაზეტა” უცნობ წყაროზე დაყრდნობით.


ამავე ინფორმაციით, რუსეთი ასევე განათავსებს ამ წარმომადგენლობაში თავის მოქმედ დიპლომატებს, რომლებიც ოფიციალურად დარეგისტრირდებიან როგორც თბილისში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები. ”თუმცა, მათ არ ექნებათ ოფიციალური აკრედიტაცია და ქართული ვიზები,” – წერს გაზეთი.


გაზეთი ასევე წერს, რომ პრეზიდენტის განკარგულების ხელმოწერის თარიღი მგრძნობიარე საკითხია. უცნობმა წყარომ განუცხადა რუსულ გაზეთს, რომ იგი იმედოვნებს, რომ განკარგულებას ვლადიმერ პუტინი მაისის დასაწყისში გადადგომამდე მოაწერს ხელს, რადგანაც დოკუმენტის ხელმოწერა ბიუროკრატიული პრობლემების გამო შესაძლოა გაიწელოს მას შემდეგ, რაც სათავეში დიმიტრი მედვედევი მოვა.


თუმცა დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა ”ნეზავისიმა გაზეტას” განუცხადა: ”ახლა არ უნდა იყოს საუკეთესო დრო რადიკალური გადაწყვეტილების მისაღებად”.


მისი თქმით, რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური აღიარებისგან 2009 წლის დეკემბრამნდე მაინც. ”დიმიტრი მედვედევმა არ უნდა დაიწყოს თავისი პრეზიდენტობა ისეთი ნაბიჯებით, რომლებიც უკიდურესად გააუარესებს მის ურთიერთობებს დასავლეთთან. აფხაზეთის აღიარება რისკიანი ქმედებაა”.


”მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა, ღირებული იყოს ამგვარი რისკის გაწევა დღეს, რადგანაც ხვალ შესაძლოა უკვე გვიან იყოს,” – დასძინა ზატულინმა, ”კოსოვოს საკითხი მუდამ მწვავე არ იქნება. ახლა მსოფლიო გაგებით შეხვდება ჩვენ ქმედებებს არაღიარებული რესპუბლიკების მიმართ, როგორც ამერიკის მიერ კოსოვოს აღიარების საპასუხო ქმედებას. თუ ჩვენ ახლა ვერ მოვაგვარებთ ამ საკითხს, ის თავს ოლიმპიური თამაშებისთვის გაგვახსენებს [2014 წელს]. და ჩვენ უკვე გვაქვს ამის მაგალითი: ჩინეთი-ტიბეტი”. 


რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 7 აპრილს წერდა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭო აპირებს განიხილოს კონკრეტული წინადადებები აფხაზეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. გაზეთის ცნობით, წინადადებათა პაკეტი შეიცავს თანამშრომლობას საბანკო სექტორში, მათ შორის შეღავათიანი კრედიტების გაცემას აფხაზეთის ეროვნული ბანკისთვის 5%-იანი საპროცენტო განაკვეთით; ორმაგი დაბეგვრის მოხსნას და აფხაზეთის ინტეგრაციას რუსეთის საბაჟო სისტემაში; საერთაშორისო საზღვაო კავშირებს სოხუმის, ოჩამჩირის და ბიჭვინთის პორტებთან, ასევე სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას.


 

მსგავსი/Related

Back to top button