
სააკაშვილი დესტაბილიზაციის წინააღმდეგ საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყოველგვარი მოწოდება არეულობისაკენ აფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ინვესტიციების შემოსვლას.
”შარშან მარტო ამ არეულობების შედეგად, რაც იყო [ნოემბერში], ჩვენ დავკარგეთ, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა დაკარგა მინიმუმ 300 ლარი,”- განაცხადა დღეს ზესტაფონში მოფმა სააკაშვილმა, ”ყოველგვარი ლაპარაკიც კი არეულობაზე არის მავნე იმიტომ, რომ აშინებს ინვესტორებს და ინვესტორი დებს ფულს იმაში, რომ ხალხი დასაქმდეს და ჩვენ არ უნდა მოვხერხოთ ის ტოტი, რომელზეც ყველანი ერთად ვზივართ. პოლიტიკა პოლიტიკაა, ყველამ ატაროს თავისი კამპანია, დაამტკიცოს რა შეუძლია, მაგრამ ნურავის ნუ შეაშინებს, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა”.
ამ განცხადების ადრესატი, სავარაუდოდ, იყო ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი, რომელიც ხელისუფლების მიერ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში სახალხო აჯანყების მოწყობისკენ მოუწოდებს.