
რესპუბლიკური პარტია ზომიერ პოზიციას იკავებს
რესპუბლიკურმა პარტიამ ოპოზიციური კოალიციის რადიკალური რიტორიკისკან განსხვავებით ზომიერი პოზიცია დაიკავა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ”სახალხო აჯანყების გარდაუვალობასთან” დაკავშირებით.
”თქვენ ადრე იკითხეთ [მიმართა დავით უსუფაშვილმა წამყვანს]: დაუჭერთ თუ არა მხარს სახალხო აჯანყებას?” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 10 აპრილს პოლიტიკურ თოქშოუ Primetime-ში საუბრისას, ”მაგრამ ჩვენ საკითხს ამგვარად ვაყენებთ. ჩვენ არ დავუშვებთ სახალხო აჯანყებას ქვეყანაში; ჩვენ არ დავუშვებთ სამოქალაქო ომს ქვეყანაში; ჩვენ არ დავუშვებთ ომის გაჩაღებას აფხაზეთში, ცხინვალში ან საქართველოს სხვა ნაწილში. ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ დავეხმაროთ ქვეყანას წინსვლაში და იცით რატომ? იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვინდა ხალხისთვის და ხალხს არ უნდა აჯანყება, ომი, ბრძოლა, გაუთავებელი სკანდალები, სატელევიზიო მუშტი-კრივები; ხალხს უნდა მუშაობა მომავლისთვის”.
თუმცა, უსუფაშვილის ეს განცხადება განსხვავდება მის მიერ 22 იანვარს გაკეთებული განცხადებისგან: ”შემიძლია პირდაპირ გითხრათ, სახალხო აჯანყება გარდაუვალია, თუ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ისევე ჩატარდება, როგორც საპრეზიდენტო”.
10 აპრილის გადაცემა Primetime მთლიანად რესპუბლიკური პარტიის პრეზენტაციას მიეძღვნა. პარტიამ, რომელიც 21 მაისს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, განაცხადა, რომ ძალაუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს.
პარტიამ ასევე დაასახელა მთავრობის რამდენიმე პოტენციური წევრი, რომელთა წარდგენასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დეპუტატი ნაცვლიშვილი, რომელიც უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო 2003 წლამდე, შინაგან საქმეთა მინისტრი ან უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი გახდება. ნაცვლიშვილის თქმით, მისი და პარტიის მთავარი მიზანი ამ კონტექსტში არის სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტურების ”დეპოლიტიზირება”. დეპუტატი ივლიანე ხაინდრავა პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება. ამ უკანასკნელის თქმით, ევროპა საქართველოს ”მთავარი საგარეო პოლიტიკური ვექტორი” უნდა გახდეს. დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი კი განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს. მისი თქმით, ქვეყნის მშპ-ის 5% განათლების სისტემას უნდა მოხმარდეს.