skip to content
ახალი ამბები

თბილისი რუსეთის განშტაბის უფროსის ”სამხედრო მუქარას” გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ  დაგმო რუსეთის გენშტაბის უფროსის ”სამხედრო მუქარის” შემცველი განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ მოსკოვის პოზიცია ”შანტაჟის” ფორმას იძენს.


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა იური ბალუევსკიმ 11 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს თავის ინტერესებს სამხედრო და ”სხვა ზომებით”.


”მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები ძალიან კარგად ადასტურებს იმას თვალნათლივ, თუ რატომ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება და მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები უნდა იყოს მკაფიო სიგნალი იმ ევროპელი სკეპტიკოსებისათვის, რომლებიც თვლიან, რომ რამდენიმე თვეში მოხერხდება რუსეთთან ამ საკითხზე შეთანხმება და იმედოვნებენ, რომ რუსეთის პოზიცია  რამდენიმე თვეში ამ საკითხთან დაკავშირებით გახდება უფრო კონსტრუქციული,”- განუცხადა დავით ბაქრაძემ 11 აპრილს ჟურნალისტებს, ”მე ვფიქრობ, რომ პირიქით, რაც დრო გადის რუსეთის პოზიცია უფრო და უფრო ღია შანტაჟის ფორმას იძენს და გენშტაბის უფროსის ასეთი აგრესიული და პირდაპირი სამხედრო მუქარის განცხადების ფონზე, მე ვფიქრობ, კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთთან კომპრომისების და რუსეთის დაყოლიების გზით სიარული არის ერთადერთი სწორი გზა”.  

Back to top button