skip to content
ახალი ამბები

სუბარი თარხნიშვილს სასამართლოში უჩივის

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისთვის ლევან თარხნიშვილისთვის 800-დან 2000 ლარამდე ჯარიმის დაკისრების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც თარხნიშვილისგან 27 მარტს უარი მიიღო საარჩევნო სიების გადაცემაზე.


ამასთან, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ჯარიმის დაკისრება არ ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარეს ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.


სუბარმა ცესკოს საარჩევნო სიების გადაცემის თხოვნით პირველად იანვარში მიმართა, თუმცა კომისიისგან და მოგვიანებით, სასამართლოსგანაც ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი მიიღო.


მეორე ასეთი წერილობითი თხოვნა სახალხო დამცველმა ცესკოში 20 მარტს გაგზავნა, სადაც ითხოვა ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური, დამატებითი სიების და ამორჩეველთა სიის დანართის ასლები – წალკის, ახალგორის, ნინოწმინდის, ქარელის, ხარაგაულის, წალენჯიხის, მარნეულისა და ასპინძის საარჩევნო ოლქების უბნებიდან.


სახალხო დამცველმა ამ ოლქების 12 უბნის ვიდეო-თვალის ჩანაწერები შეისწავლა. შედეგად, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე 5 475 გაყალბებული ხმა გამოავლინა და თარხნიშვილთან ერთად სხვა პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობისა და დასჯის საკითხი დააყენა.


სუბარის განცხადებით, მას საარჩევნო სიები ვიდეო-თვალის მონაცემებთან შესადარებლად და ამდენად, გაყალბების ეჭვის დასადასტურებლად სჭირდება.


”სიები უნდა გადმოგვეცეს, რომ შევამოწმოთ ყველა ის სავარაუდო დარღვევის ფაქტი, რომელზეც კი ეჭვი გვაქვს,”- აცხადებს სუბარი.


სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ მათ ლევან თარხნიშვილისგან დოკუმენტაციის გადაცემაზე მიიღეს უარი იმ მოტივით, რომ ”საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუკი ცესკო გადაწყვეტს დალუქული პაკეტების გახსნას და ამომრჩეველთა სიების ხელახალ გადათვლას.“


”ის არგუმენტი, რომ სიები დალუქულია და ამ მიზეზით ვერ მოხდება მათი გადმოცემა, არ არის დამაჯერებელი, რადგან სახალხო დამცველს ორგანული კანონით აქვს ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით ინახება ეს ინფორმაცია შესაბამის დაწესებულებაში,”- აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.


სუბარის განცხადებით, წინა შემთხვევის დროს სასამართლომ ”აბსურდული” მიზეზით თქვა უარი ცესკოს დაჯარიმებაზე, რადგან ცესკოს, როგორც საჯარო ორგანოს, საჯარიმო სანქციებს ვერ დააკისრებდა. ”მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამჯერად არ იტყვის, რომ თარხნიშვილს არ აქვს ხელფასი. ასე რომ, ეს ფორმალური მიზეზი სასამართლოს აღარ აქვს,”- განაცხადა სუბარმა.

Back to top button