
მმართველი პარტია სატელევიზიო რეკლამებს იწყებს
”საქმე ლაპარაკის ნაცვლად” – ეს არის მმართველი პარტიის ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური რეკლამის მთავარი გზავნილი. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველად სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამების გაშვება სწორედ მმართველმა პარტიამ დაიწყო.
რეკლამაში ცნობილი მომღერლის ვახტანგ კიკაბიძის ხმა მიმართავს ამომრჩეველს, რომ ხელისუფლებამ უკვე შეასრულა ბევრი დაპირება, მათ შორის მინიმალური პენსიის გაზრდის შესახებ, მაგრამ ეს ”არ არის საკმარისი”. ნაციონალური მოძრაობა ახალ პარლამენტში უზრუნველყოფს 2009 წლის ბოლოსთვის მინიმალური პენსიის გაზრდას 100 დოლარამდე, ნათქვამია რეკლამაში.
მმართველი პარტია უკვე აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელშიც წამყვანი როლი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველ ნომერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს უკავია.
იგი უკვე ეწვია რამდენიმე რეგიონს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებზე ბურჯანაძე ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების სურვილზე, როგორც ის ამბობს, ”მოუსმინოს ხალხს” და ”ახლოს იყოს ხალხთან”.