skip to content
ახალი ამბები

კაჩინსკი უარყოფს ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებების კავშირს ნატოსთან

პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ 10 აპრილს ჰელსინკში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მას არ უთქვამს “როიტერთან” ინტერვიუში, რომ ევროკავშირის რუსეთთან პარტნიორობის მოლაპარაკებებზე ვეტოს მოხსნის თაობაზე პოლონეთის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებაზე, იტყობინება პოლონური საინფორმაციო სააგენტო Polska Agencja Prasowa.


”როიტერის” კითხვაზე, მოხსნის თუ არა პოლონეთი, რომელმაც ევროკავშირი-რუსეთის სავაჭრო უთანხმოებასთან დაკავშირებული  მოლაპარაკებები 2006 წელს დაბლოკა, ვეტოს, რათა დაამშვიდოს მოსკოვი და მისი ახალი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, კაჩინსკიმ უპასუხა: ”რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ; რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევქმნათ ატმოსფერო, სადაც უნდობლობის ხარისხი შემცირდება. მაგრამ მოხდება თუ არა სტრატეგიული მოლაპარაკებების აღდგენა უახლოს მომავალში, ეს სხვა საკითხია. პირველ რიგში, მინდა ვიცოდე, თუ როგორ მოგვარდება საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი”.    


ამ განცხადებას მაშინვე მოყვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოხმაურება, რომელთაც მას ”ძალიან ღირსეული” უწოდეს.


”მე ვფიქრობ, ეს არის ღირსეული სახელმწიფოს ღირსეული პასუხი იმ ენით, რომლითაც რუსეთი თავს უფლებას აძლევს ესაუბროს ევროპას,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ 10 აპრილს.


”მინდა მადლობა გადავუხადო პოლონეთის პრეზიდენტს და ყველა ჩვენ მეგობარს ჩვენი დახმარებისთვის,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.  


 

Back to top button