
ლეხ კაჩინსკი საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებაზე საუბრობს
პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ სავაჭრო საკითხებზე ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებებზე მისი ქვეყნის მიერ ვეტოს შესაძლო მოხსნის საკითხი საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თემას დაუკავშირა.
”როიტერის” კითხვაზე, მოხსნის თუ არა პოლონეთი, რომელმაც ევროკავშირი-რუსეთის სავაჭრო უთანხმოებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2006 წელს დაბლოკა, ვეტოს, რათა დაამშვიდოს მოსკოვი და მისი ახალი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, კაჩინსკიმ უპასუხა: ”რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ; რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევქმნათ ატმოსფერო, სადაც უნდობლობის ხარისხი შემცირდება. მაგრამ მოხდება თუ არა სტრატეგიული მოლაპარაკებების აღდგენა უახლოს მომავალში, ეს სხვა საკითხია. პირველ რიგში, მინდა ვიცოდე, თუ როგორ მოგვარდება საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი”.
9 აპრილს “როიტერთან” ინტერვიუში პოლონეთის პრეზიდენტი მიესალმა იმ კომპრომისს, რომელიც ნატოს ბუქარესტის დასკვნით კომუნიკეში აისახა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ორი ქვეყნისთვის MAP-ის მიცემის გადადებით ევროკავშირის ზოგიერთმა სახელმწიფომ დაუშვა, რომ რუსეთს გამოეყენებინა ვეტოს დე ფაქტო უფლება.
”მხოლოდ არასრულად ინფორმირებულ ხალხს შეეძლო ეფიქრა, რომ იმას, რაც მოხდა MAP-თან დაკავშირებით, არაფერი ჰქონდა საერთო რუსეთის წინააღმდეგობასთან,” – განაცხადა კაჩინსკიმ.
ამასობაში, ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ 9 აპრილს განაცხადა, რომ ახლო მომავალში იგეგმება ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოსა და უკრაინაში იმ ”ინტენსიური ჩართვის” ფარგლებში, რომელიც ბუქარესტის სამიტის შედეგად დაიგეგმა ორივე ქვეყანასთან მიმართებაში.