
მმართველი პარტია თბილისის არჩევნების შედეგებს ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს
მმართველი პარტია ელის, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში უკეთეს შედეგებს მიიღებს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე აჩვენა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა 8 აპრილს.
თბილისმა ოპოზიციის მომხრის სტატუსი შეიძინა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხმების მხოლოდ 32% მიიღო, დანარჩენი ხმები კი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატებს ერგოთ.
რადიო ”უცნობთან” საუბრისას მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ბოლო თვეების მანძილზე ხელისუფლების პოლიტიკის გამო დედაქალაქში პოზიციები გაიმყარა.
საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში ფსონები მაღალია, რადგანაც ქვეყნის მასშტაბით არსებული 75 ერთმანდატიანი ოლქიდან, 10 დედაქალაქში მდებარეობს.
თბილისის ერთმანდატიან ოლქებში სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული კონკურენცია ზრდის მმართველი პარტიის შანსებს თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატები გაიყვანონ დედაქალაქში. მაგალითად, ვაკის რაიონში ორი ოპოზიციური კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს – ახალი მემარჯვენეების ლიდერი, დეპუტატი დავით გამყრელიძე (პარტია ოპოზიციური კოალიციის ერთიანი სიით გავა არჩევნებზე) და დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტიიდან. მმართველ პარტიას ჯერ თავისი კანდიდატურა არ დაუსახელებია.
”ორი ოპოზიციური კონკურენტის ყოლა ჩვენთვის უკეთესია,” – განაცხადა მაჭავარიანმა, ”კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ყოფილიყო სამი და მეტი ოპოზიციური კანდიდატი”.
კანონის თანახმად, ოლქის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. ამ წესის თანახმად, მმართველი პარტიის მაჟორიტატი კანდიდატები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, თუ მათ მოუწევთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ან ბლოკის რამდენიმე კანდიდატთან დაპირისპირება, რადგანაც ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მიცემული ხმები გაიყოფა.
ამასობაში, მმართველმა პარტიამ 8 აპრილს თავისუფლების მოედანზე საარჩევნო შტაბი გახსნა. თუმცა, შტაბის ხელმძვანელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
”ჩვენი მიზანია, რომ პარტიამ და მთავრობამ მოუსმინონ ხალხს და იყვნენ ახლოს ხალხთან,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარტიის საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე.
ბურჯანაძემ, რომელიც მმართველი პარტიის სიის სათავეშია, ასევე განაცხადა: ”განვლილმა გაკვეთილმა ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა. და რაც მთავარია, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ ის, თუ რას ითხოვს ჩვენგან ხალხი. პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება – დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა, სოციალური დაცვა და სიღარიბის დაძლევა”.