
ადვოკატმა 29-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა
ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა, რომელიც უკვე 29-ე დღეა შიმშილობს, დღეს ეს აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, რაც სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლიანობის შესწავლის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად 40 ათასი ხელმოწერა შეგროვდა.
ჯანგირაშვილი სწორედ სასამართლოს ”უკანონო” გადაწყვეტილებების გადასინჯვის მოთხოვნით შიმშილობდა. მან შიმშილობის აქცია ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად დაიწყო პარლამენტის შენობის წინ და 25 მარტიდან სახალხო დამცველის ოფისის ეზოში განაგრძო.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც ხელმოწერები ოპოზიციური კოალიციისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით შეგროვდა, ითვალისწინებს სახალხო დამცველის ოფისისა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიისათვის სასამართლო საქმეების შესწავლის უფლებამოსილების მინიჭებას და მათი დასკვნების საფუძველზე ამ საქმეების სასამართლოში ხელახლა განხილვის ვალდებულებას.
პარალელურად, თავისუფალი სასამართლოს მოთხოვნით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატების გაფიცვა, რომელიც 7 აპრილს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება. ამ პროტესტის კატალიზატორი სწორედ ჯანგირაშვილის შიმშილობის აქცია გახდა.