
ნათელაშვილი მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას განაგრძობს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს კიდევ სამი მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა.
ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე. იგი ამ რაიონში რესპუბლიკური პარტიიდან ირაკლი ბათიაშვილს, ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან მერაბ სამადაშვილს დაუპირისპირდება.
სამგორში კენჭს იყრის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია. სამგორში მმართველი პარტიის კანდიდატი ბიზნესმენი რუსუდან კერვალიშვილია.
შალვა ნათელაშვილმა ზესტაფონში მაჟორიტარ კანდიდატად პარტიის ახალი სახე გიორგი გოგლიჩიძე დაასახელა.
ლეიბორისტებმა გასულ კვირას უკვე დაასახელეს კანდიდატები გლდანში – გიორგი გუგავა, ქუთაისში – ნესტან კირთაძე, მცხეთაში – იოსებ შატბერაშვილი. თავად პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დუშეთის რაიონში იყრის კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად.