
გაეროს გენერალური მდივანი აფხაზეთზე მოხსენებას აქვეყნებს
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულმა შედარებით სტაბილურმა ვითარებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მხარეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გუ მუნმა აფხაზეთის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში .
”ძლიერმა დაძაბულობამ, რომელიც 2006 და 2007 წლებში შეინიშნებოდა, არ შეუწყო ხელი სამშვიდობო პროცესს. პირიქით, კიდევ უფრო შეამცირა დიალოგის შესაძლებლობა, რაც ისედაც შესუსტებული იყო ორმხრივი უნდობლობის ფონზე,” – ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც 4 აპრილს გამოქვეყნდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ”მყარი სტაბილურობის პერიოდი ცეცხლის შეწყვეტის ზოლის გასწვრივ და კოდორის ხეობაში დაეხმარება მხარეებს შორის საკმაოდ გაუარესებული ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივას”.
18-19 თებერვალს ჟენევაში გამართული გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შეხვედრის შესახებ საუბრისას, პან გი მუნმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე ქართული მხარე აფხაზეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოვიდა იმ პირობით, რომ მოხდებოდა შეთანხმება აფხაზურ მხარესთან რამდენიმე საკითხზე, მათ შორის მოსახლეობისა და ტვირთების თავისუფალი გადაადგილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ღირსეული დაბრუნების საკითხებზე.