
ესტონური გაზეთი კოსოვოზე გურგენიძესთან ინტერვიუს აუდიო ჩანაწერს ავრცელებს
ესტონურმა გაზეთმა Postimees-მა წარმოადგინა აუდიო-ჩანაწერის ის ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ლადო გურგენიძესთან ინტერვიუდან, სადაც ის აცხადებს, რომ თბილისი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
ეს ჩანაწერები გაზეთმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც თბილისში Postimees-ი პრემიერ-მინისტრის სიტყვების დამახინჯებაში დაადანაშაულეს.
ლადო გურგენიძე ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო ამ ეტაპზე უფრო მეტად საკუთარ გამოწვევებზეა კონცენტრირებული, თუმცა ”შესაბამის დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ კოსოვოს”. ჟურნალისტის შეკითხვაზე: ”ე.ი, პრინციპში, თქვენ მზად ხართ აღიაროთ ისინი?” გურგენიძე პასუხობს: ”ისევე როგორც ამჟამად ჩვენი ყველა მეგობარი”.
ინტერვიუმ, რომელიც ჟურნალისტმა იგორ ტარომ 29 მარტს ჩაწერა ტალინში და Postimees-ში 1 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოში დაპირისპირება გამოიწვია, რადგან ადრე ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
ინტერვიუს შესახებ ხმაური საქართველოში ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ ატეხა. დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ 3 აპრილს პრესკონფერენცია გამართა და პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თბილისის მიერ კოსოვოს შესაძლო აღიარება საქართველოსთვის ცუდი შედეგების მომტანი იქნება.
პრესკონფერენციის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა უარყო ლადო გურგენიძის განცხადება და განაცხადა, რომ მისი სიტყვები ჟურნალისტის არასწორის ინტერპრეტაციის შედეგი იყო.
მოგვიანებით, იმავე იმავე დღეს ამ თემაზე დებატები ”რუსთავი 2”-ზე, ღამის პოლიტიკურ თოქ-შოუ Primetime-ში გაგრძელდა, სადაც მმართველი პარტიიდან დეპუტატმა გივი თარგამაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ გურგენიძის სიტყვები დაამახინჯეს. მან ასევე განაცხადა: ”მე არა მგონია, რომ ჟურნალისტების [პროფესიონალიზმის] დონე მაღალი იყოს ესტონეთში”.
ამავე თოქ-შოუში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა: ”რამდენადაც მე ვიცი, პრემიერი გურგენიძე ესტონურად არ საუბრობს”. ამით მან ასევე მიანიშნა, რომ გურგენიძის სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი.
”აქ არავითარ ინტერპრეტაციას არ ჰქონდა ადგილი,”- განუცხადა იგორ ტარომ, Postimees-ის სპეციალურმა კორესპონდენტმა სატელეფონო საუბარში Civil.,ge-ს 4 აპრილს, ”და მე მაქვს [ინტერვიუს] აუდიო ჩანაწერი, რომლის გავრცელებასაც ვგეგმავ”.