
საქართველო კოსოვოს აღიარებას არ აპირებს – მთავრობა
საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ავთანდილ ფავლენიშვილმა, დღეს განაცხადა: ”საქართველოს პოზიცია ყველასთვის ნათელია და ეს ერთიანი პოზიციაა, საქართველოს მთავრობა არ აპირებს აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა.”
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ხელისუფლებისგან პოზიციის გამოხატვა ამ საკითხთთან დაკავშირებით. რესპუბლიკელებმა ეს საკითხი მას შემდეგ წამოწიეს რაც პრემიერ მინისტრმა ლადო გურგენიძემ ესტონურ გაზეთ Postimees-ს განუცხადა: ”შესაბამის დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ კოსოვოს.” თუმცა ოფიციალურმა პირებმა თბილისში გაზეთს ბრალი დასდეს პრემიერ მინისტრის სიტყვების დამახინჯებაში, რის საპასუხოდაც გაზეთმა Postimees-მა ინტერვიუს აუდიო ჩანაწერი გაავრცელა.
”ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ მივიღოთ პასუხი თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება,” – განაცხადა რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა 5 აპრილს, ”და თუ პრემიერ-მინისტრი არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის აზრს, შესაბამისად ნორმალურ და ცივილიზირებულ ქვეყნებში… მსგავსი უგუნური და უპასუხისმგებლო განცხადებისთვის ადამიანები თანმდებობიდან მიდიან.”
თუმცა მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა: ”ეს არის ხელოვნურად, თითიდან გამოწოვილი თემა. მოგეხსენებათ, პოლიტიკოსის პასუხი ყოველთვის, ბუკვალურად არ შეესაბამება კითხვას. პრემიერ-მინისტრი კითხვაზე პასუხობს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს საქართველოს მეგობრებმა.”