ახალი ამბები

სააკაშვილი პუტინს შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი 21 თებერვალს მოსკოვში თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ორივე პრეზიდენტმა მოკლე განცხადებები გააკეთა პრესისთვის.   


პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დადებითი ტენდენციები შეინიშნება. მან ასევე განაცხადა: ”ჩვენ ყურადღება მივაქციეთ თქვენს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე განწყობილია მოვლენათა ზუსტად ასეთი განვითარებით რუსეთთან. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. შევეცდებით ჩვენის მხრივ იგივეთი გიპასუხოთ. ჩემთვის ცნობილია, რომ ჩვენი საავიაციო სამსახურები შეთანხმდნენ უთანხმოებათა მოხსნაზე, რომელიც მათ შორის იყო, მხედველობაში მაქვს, პირველ რიგში, დავალიანებათა დაფარვის საკითხები. ეს ნიშნავს, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება საავიაციო კავშირის განახლება, ასევე რიგი სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ადრე წარმოიქმნა. ამ და ასევე სხვა პრობლემებს, რაც ჩვენ არც თუ ისე ცოტა გვაქვს, ვფიქრობ, დღეს შევძლებთ განვიხილოთ, ვსარგებლობთ რა თქვენი ვიზიტით დსთ-ს სამიტის ფარგლებში”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: ”ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ შევძელით ამ სამიტზე ჩამოსვლა. თქვენი პრეზიდენტობის ამ ვადაში ეს დსთ-ს ბოლო სამიტია და მე ხელიდან არ გავუშვებდი ასეთ შესაძლებლობას. მე მინდა გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ თქვენ ვერ შეძელით პრეზიდენტის რანგში საქართველოში ჩამოსვლა და მე გიწვევთ ერთ-ერთი პირველი ვიზიტით, იმედი მაქვს პრემიერის, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის რანგში საქართველოში. ჩვენ მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ. მართლაც ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრები. საავიაციო მიმოსვლა, რამდენადაც მე მესმის, ოქმი უკვე ხელმოწერილია და ის არანორმალური სიტუაცია, როცა პირდაპირი ფრენები არ არის რუსეთსა და საქართველოს შორის, ვფიქრობ, დამთავრდება. ვფიქრობ, რომ ქართული პროდუქციის თქვენს ბაზარზე მოწოდებასთან დაკავშირებული საკითხები, სადაც ჩვენ მოძრაობას ვიწყებთ და იმედი მაქვს, ამ საკითხზეც მოხერხდება წინ წაწევა. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური თვალსაზრისით. და ვფიქრობ, რომ კიდევ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც რუსეთი და საქართველო უნდა დაახლოვდნენ, ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ დავამყაროთ ნორმალური ურთიერთობები, გადავლახოთ ის სირთულეები, რომელიც წარსულში წარმოიქმნა. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმ კეთილ ტენდენციებს, რომელიც ჩემი პირველი ვადის დასაწყისში შეინიშნებოდა და სამწუხაროდ, შემდეგ გარკვეულად გვერდზე იქნა გაწეული, ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ და სუფთა ფურცლიდან თუ ვერ დავიწყებთ, ახალი ენერგია მაინც შევძინოთ ჩვენ ურთიერთობებს იმიტომ, რომ ჩვენ ამისთვის ძალიან განწობილი ვართ და ამას ძალიან ვიმედოვნებთ”.

Back to top button