
ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის მოთხოვნებზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ”კონკრეტულ ქმედებებს ახორციელებს” ოპოზიციის იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელზეც მმართველმა პარტიამ საპასუხო მემორანდუმით აიღო პასუხისმგებლობა.
მმართველი პარტია ასევე მოუწოდებს ოპოზიციას საჯაროდ განაცხადოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა ოპოზიციის ელექტორატის რადიკალური ნაწილი ნეგატიურად არის განწყობილი დიალოგის პროცესისადმი, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობდა.
ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეწყვეტილი დიალოგის აღდგენის სანაცვლოდ ულტიმატუმის სახით სამ მოთხოვნას აყენებს: ყველა ”პოლიტიკურ პატიმრის” დაუყოვნებლივ გათავისუფლება; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის დაუყოვნებლივ გადადგომა და ცესკო-ს პარიტეტულად დაკოპლექტება; საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომა და არხის ახალი, მხარეებს შორის შეთანხმებული ადმინისტრაციის დანიშვნა.
ამ ულტიმატუმების დაკმაყოფილებამდე ოპოზიცია უარს აცხადებს დანარჩენ მოთხოვნებზე ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე და 22 თებერვლიდან საყოველთაო შიმშილობის აქციას და საქართველოს დიდ ქალაქებში კარვების გაშლას იწყებს. იმავდროულად, ოპოზიცია საპროტესტო აქციების ყველა შესაძლო შედეგზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ”დე-ფაქტო ხელისუფლებას” აკისრებს.
დღეს ტელევიზიების საშუალებით პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ნინო ბურჯანაძის მიმართვა, სადაც ის აცხადებს, რომ უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები პატიმრების გათავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლასთან დაკავშირებით.
”ყველა ის ადამიანი, რომელიც 7 ნოემბერთან დაკავშირებით ან 7 ნოემბრის შემდეგ იყო თუნდაც დაკავებული გათავისუფლებული იქნება და მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული სისხლის სამართლებრივი დევნა,”- აცხადებს ბურჯანაძე, ”ამ ადამიანების ნაწილი უკვე გათავისუფლებულია, ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელება”.
ხელისუფლებამ უკვე გაათავისუფლა 6 პატიმარი, რასაც ოპოზიცია მიესალმა, მაგრამ აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნაა ყველა პატიმრის გათავისუფლება. იმავდროულად, ოპოზიციამ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ პატიმრები გირაოს პირობით გაათავისუფლეს.
ბურჯანაძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა გაკეთდა საჯარო განცხადებები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, ოპოზიცია მაინც ”გამუდმებით აყენებს ამ საკითხს, როგორც ერთ-ერთ მოთხოვნას”.
”კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: ჩვენ შევამცირეთ ყველანაირი პროცედურები, სამშაბათს ჩვენ შეთანხმების შემთხვევაში შეგვიძლია უკვე, რომ დავამტკიცოთ პარლამენტზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო, საბჭოს დამტკიცებისთანავე გენერალური დირექტორი ქალბატონი თამარ კინწურაშვილი იხსნის თავის უფლებამოსილებას, გადადგება თანამდებობიდან და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას ახალი გენერალური დირექტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხი მარტში იქნება განხილული საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებებთან ერთად, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის რეკომენდირებული.
თუმცა ეს განცხადებები არასაკმარისად მიაჩნია ოპოზიციას და კონკრეტულ შედეგებს ითხოვს.
”ამას სჭირდება ლევან თარხნიშვილის გამოსვლა და მის მიერ დაწერილი განცხადება, რომ ის გადადგა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან; ამას სჭირდება ოჯახებში მისული ყველა პატიმარი, რომელსაც არავითარი გირაო და არავითარი პირობა არ წაუყენეს,”- განუცხადა ტელეკომპანია ”მზეს” დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან მანანა ნაჭყებიამ, ”აი ეს არის უკვე პრაქტიკული რეალიზაცია და არა ვირტუალური დაპირებები”.
მიუხედევად ამისა, მმართველი პარტია მოუწოდებს ოპონენტებს გააკეთონ საჯარო განცხადებები შეთანხმებების მისაღწევად ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობაზე და შეწყვიტონ რიტორიკა ამ ხელისუფლების არალეგიტიმურობის თაობაზე.
”გააკეთონ საჯარო განცხადება, რომ მზად არიან ამ მიმართულებით ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და ყველანაირი საუბარი არალეგიტიმურობაზე ან სხვა სახის პრობლემებზე ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში შეწყვიტონ,”- აცხადებს პავლე კუბლაშვილი, დეპუტატი უმრავლესობიდან, ”საუბარი ისევე ”დე ფაქტო ხელისუფლებაზე”, ბუნებრივია, დიალოგის შედეგებზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებების მიღებას ხელს შეუშლის”.