
პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა
დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო წარმოქმნილ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც დიდთოვლობისა თუ ქარბუქის გამო მატერიალური ზიანი მიდგათ, სახელმწიფო აუნაზღაურებს ზარალს.
მან ასევე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველების წარმატებულ მუშაობას და განაცხადა, რომ ”პირადად შს მინისტრი ხელმძღვანელობდა გზების გაწმენდის სამუშაოებს”.
ახალქალაქში სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, დასავლეთ საქართველოს რიგ რაიონებსა და მცხეთა მთიანეთში დიდთოვლობამ და ზვავების ჩამოწოლამ ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემები შექმნა, ასევე მოსახლეობის 20% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ფოთში კი ქარმა სახლებს სახურავები გადახადა.
”მე მინდა იცოდეს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ: ჩვენ არცერთ ადამიანს არ მივატოვებთ გაჭირვებაში, სახურავის გარეშე, ყველა ადამიანს, ვისაც მიადგა ზარალი, მიცემული მაქვს დავალება და გამოყოფილია თანხები იმისათვის, რომ ყველანაირი ზარალი ანაზღაურდეს,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს მოსკოვში გამგზავრებამდე.