
ცესკო სახალხო დამცველს ინფორმაციის მიცემაზე უარს ეუბნება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) უარი უთხრა სახალხო დამცველის აპატარს გარკვეული საარჩევნო უბნებიდან 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ამომრჩეველთა ხელმოწერილი სამაგიდო სიების ასლების გადაცემაზე.
სახალხო დამცველის აპარატმა 20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებით ცესკო-მ დაარღვია კანონი. ამიტომ სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სასამართლოს კომისიისთვის 800 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმის დაკისრების თაობაზე. ”ამასთან სახალხო დამცველი სთხოვს სასამართლოს, განუმარტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ დაკისრებული ჯარიმა არ ათავისუფლებს ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან,” – ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიცია ხელისუფლებას 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს, მათ შორის ამომრჩეველთა აქტივობის ხელოვნურად გაზრდაში მთელ რიგ საარჩენო უბნებზე, ძირითადად ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. სახალხო დამცველის აპარატი სთხოვდა ცესკო-ს გადაეცა ამომრჩეველთა ხელმოწერები იმ საარჩევნო უბნებიდან, რომლებიც ამ სადავო რეგიონებშია განთავსებული, მათ შორის მარნეულში და წალკაში, ახალქალაქსა და ნინოწმნიდაში, ასევე ახალგორში, წალენჯიხაში, ხაშურში და ქარელში. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედურ დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო უბნების ”მნიშვნელოვან რაოდენობაში” დაფიქსირდა ”ხმის მიცემის პროცესის ბოლო სამი საათის მანძილზე ამომრჩეველთა უჩვეულოდ მაღალი აქტივობა”.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უარი უთხრა სახალხო დამცველს დოკუმენტების გადაცემაზე და მიუთითა, რომ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუკი ცესკო გადაწყვეტს დალუქული პაკეტების გახსნას და ამომრჩეველთა სიების ხელახალ გადათვლას.
”ის არგუმენტი, რომ სიები დალუქულია და ამ მიზეზით ვერ მოხდება მათი გადმოცემა, არ არის დამაჯერებელი, რადგან სახალხო დამცველს ორგანული კანონით აქვს ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით ინახება ეს ინფორმაცია შესაბამის დაწესებულებაში,” – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.