
გამყრელიძე ოპოზიციას კოორდინირებულობისაკენ მოუწოდებს
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოუწოდა ოპოზიციურ ძალებს კოორდინირიბულობისაკენ და განაცხადა, რომ მისი პარტია გაზაფხულზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება ამ საკითხში.
”ის რომ მხოლოდ ახალმა მემარჯვენეებმა გამოაცხადონ ბოიკოტი, ეს არარეალურია, თუ სხვა პარტიები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს დავით გამყრელიძემ.
მისი პოლიტიკური პარტია იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
”ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ კოორდინირებულნი ასეთ ქმედებებში, რათა მივაღწიოთ ყველა ოპოზიციურმა ძალამ, ვინც არის რეალური ოპოზიცია და ვისაც სურს ამ ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება და ამ ხელისუფლების შეცვლა, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს 2008 წლის გაზაფხულზე,”- განაცხადა 20 თებერვალს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა.
ცოტა ხნის წინ გამყრელიძე ”ხელისუფლების დამარცხების” მიზნით მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა და იქვე დასძინა, რომ მას ერთიან სარჩევნო სიაში პირველობაზე პრეტენზია არ ექნება.