
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა 235 კანდიდატს სურს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხრა-წევრიანი სამეურვეო საბჭოს წევრობის სურვილი 235 ადამიანმა გამოთქვა, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გოკა გაბაშვილმა 20 თებერვალს.
კანონის თანახმად, პრეზიდენტმა 27 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს განსახილველად. შემდეგ, პარლამენტმა მათგან ცხრა კანდიდატი უნდა დაამტკიცოს.
გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატთა სრული სია მთავრობის ვებ-გვერდზე დღეს მოგვიანებით განთავსდება.
ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ მზად არის კანდიდატთა შერჩევის პროცესში ოპოზიციური პარტიებიც ჩართოს. დამტკიცების შემდეგ ახალი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს აირჩევს.
ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ ის გადადგება თანამდებობიდან, როგორც კი ახალი საბჭო იქნება არჩეული. კინწურაშვილის გადადგომა ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 19 თებერვალს განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს კანდიდატურები და ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის საკითხი ოპოზიციასთან შეთანხმდება.
”მაგრამ ამისათვის საჭიროა გაგრძელდეს კონსულტაციები ოპოზიციასთან,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”მომავალ კვირას უკვე უნდა დავაკომპლექტოთ საბჭო და შესაბამისად, არჩეული იქნას ახალი გენერალური დირექტორი”.