ახალი ამბები

ორ თვეში უცხოურმა ინვესტიციებმა 450 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა – გურგენიძე

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2008 წლის პირველ შვიდ კვირაში უკვე 450 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 19 თებერვალს.


მისი თქმით, ის საინვესტიციო პაუზა, რომელიც გასული წლის ნოემბრის მოვლენებმა გამოიწვია, უკვე გადალახულია. ”უცხოელი ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ სრულად აღდგა მიმდინარე წლის ორი თვის ვადაში,” – განაცხადა გურგენიძემ, ”მათ დაინახეს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომ რეფორმების განხორციელება გრძელდება”.


გურგენიძემ ასევე განაცხადა, რომ ამ ტენდენციას ასევე შეუწყო ხელი მთავრობის ინიციატივით შემუშავებულმა ახალმა ეკონომიკურმა პაკეტმა .


”ჩვენ კონსერვატიულ პროგნოზს ვაკეთებდით და ვვარაუდობდით, რომ წელს, საარჩევნო დინამიკიდან გამომდინარე, სულ შეიძლებოდა მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელებულიყო, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი,” – განაცხადა გურგენიძემ. ”თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ დაუსრულებელ ორ თვეში უკვე 450 მილიონზეა ლაპარაკი, ყველა წანამძღვარი გვაქვს ოპტიმიზმის, თუ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ სტაბილურობას. ალბათ, მოზიდული საინვესტიციო კაპიტალის მოცულობა წელს 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს”.


მან ასევე აღნიშნა, რომ თუ მთავრობა განახორციელებს ევროობლიგაციების სადებიუტო ემისიის პროექტს, რაც აპრილისთვის იგეგმება, მაშინ დამატებით 500 მილიონი დოლარის საინვესტიციო რესურსი შემოვა ქვეყანაში.


 

Back to top button