
თბილისი მოსკოვთან ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებში პროგრესს აღნიშნავს
პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 19 თებერვალს განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე მიღწეული იქნება ”რეალური შედეგები” რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის თვალსაზრისით.
მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე დღეში შესაძლებელი მოლაპარაკებების კონკრეტულ შედეგებზე საუბარი.
ამასობაში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ლეჟავამ, რომელიც მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს, 19 თებერვალს განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.
”მიღწეულია პროგრესი და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებას და იმ სიტუაციასთან დაახლოებას, რომელშიც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, [რუსეთის და საქართველოს] პრეზიდენტებს შორის მაღალი დონის შეხვედრისას [21 თებერვალს მოსკოვში] იქნება მიღებული,” – განუცხადა ლეჟავამ ქართველ ჟურნალისტებს მოსკოვში.
ლეჟავას თქმით, რუსულ მხარეს ასევე აქვს საქართველოს ვალი და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ”ვალის რაოდენობის დასადგენად, მისი რესტრუქტურიზაციისა და გადახდის გეგმის შესამუშავებლად”. რუსული მხარის თქმით, საქართველოს 3,5 მილიონი რუბლის (142 000 აშშ დოლარი) ვალი აქვს ქართული თვითმფრინავების მიერ სანავიგაციო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო.