ახალი ამბები

ევროკავშირი და აშშ კოსოვოს უნიკალურ შემთხვევად მიიჩნევენ

”კოსოვო ვერ იქნება მიჩნეული პრეცედენტად სხვა სიტუაციებისთვის დღევანდელ მსოფლიოში,” განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 18 თებერვალს.


”კოსოვოს სიტუაციაში ფაქტორების უჩვეულო კომბინაცია – მათ შორის იუგოსლავიის დაშლის კონტექსტი, ეთნიკური წმენდისა და დანაშაულობების ისტორია კოსოვოში მცხოვრები მოქალაქეების წინააღმდეგ  და გაეროს ადმინისტრირების ხანგრძლივი პერიოდი – ვერ იქნა აღმოჩენილი სადმე სხვაგან და ამიტომ კოსოვოს საკითხს ეს განსაკუთრებულობას ანიჭებს,” – განაცხადა მან.


აშშ-ს საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ”კოსოვოში ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარების ფონზე ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოების ყველას წევრს თავი აარიდონ საჯარო განცხადებებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შუქმნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრის შესაძლებლობას. ამ კონფლიქტების ნებისმიერი სხვა და არა მშვიდობიანი კომპრომისით მოგვარების მცდელობა ქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევის რისკს კავკასიის მთელ რეგიონში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს კვლავ დაადასტურონ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ არაერთგზის მიღებული რეზოლუციების შესაბამისად”.


ამასობაში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 18 თებერვალს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს: ”[საგარეო ურთიერთობათა] საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მიერ გაეროს წესდების და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების და გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციის მხარდაჭერას… კოსოვო წარმოადგენს უნიკალურ შემთხვევას, რაც არ აყენებს ეჭვქვეშ ამ პრინციპებს და რეზოლუციებს”.

Back to top button