
ხელისუფლებასთან დიალოგი არ გაგრძელდება – ოპოზიციური კოალიცია
ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი არანაირ რეჟიმში არ გაგრძელდება, მათ შორის არც მუშა-ჯგუფების დონეზე, ვიდრე არ შესრულდება უკვე მიღწეული შეთანხმებები.
გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება: ყველა ”პოლიტპატიმრის” გათავისუფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თამარ კინწურაშვილის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თანამდებობიდან გადაყენება.
იმავდროულად, კოალიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ”სერიოზულად” ემზადება 15 თებერვლის აქციისთვის.
”ჩვენ განვიხილეთ 15 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებული საკითხები,”- განუცხადა ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ.
კოალიციის ლიდერები 12 თებერვალს მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ დილით დეპუტატებს განუცხადა, რომ ოპოზიციასთან შეათანხმა ერთობლივი მემორანდუმის შექმნა, რომელშიც დროში გაიწერება მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხები.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ მას მართლაც ჰქონდა სატელეფონო საუბარი ბურჯანაძესთან 11 თებერვალს, გვიან საღამოს. მან განაცხადა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისაგან ელის წერილობით პოზიციას მათი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილისთვის ეს სატელეფონო საუბარი მოულოდნელი აღმოჩნდა.