ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: კოსოვო შექმნის პრეცედენტს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 იანვარს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კოსოვო პრეცედენტს შექმნის.


განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბოლო დროს რამდენჯერმე განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 20 იანვარს თბილისში ვიზიტის დროს დაარწმუნა ის, რომ მოსკოვი არ აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოსოვო დამოუკიდებლობას მოიპოვებს. 28 იანვარს EuroNews-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: ”ეს წუხილები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ზოგიერთებმა რუსეთში განაცხადეს, რომ ამას [კოსოვოს] შესაძლოა შეექმნა პრეცედენტი საქართველოს ტერიტორიებისთვის. თუმცა, ჩვენ გადაგვარწმუნა საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ – მან თქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში რუსეთი არ აღიარებს საქართველოს თვითგამოცხადებულ ტერიტორიებს კოსოვოს გამო”.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ 23 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა: ”რაც შეეხება კოსოვოს, რუსულ მხარეს არასოდეს უთქვამს, რომ კოსოვოს შემდეგ ჩვენ დაუყონებლივ ვცნობთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. რუსულ მხარეს არასოდეს, მე ხაზს ვუსვამ, არასოდეს არ უთქვამს ეს. თუმცა, პრეცედენტი შეიქმნება არა იმიტომ, ჩვენ ეს გვინდა თუ არა. ეს თავისთავად შეიქმნება და ეს შეიქმნება ბევრ ტერიტორიასთან მიმართებაში და არა მხოლოდ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში”.


”ეს ციტატა ნათლად ადასტურებს რუსეთის უკვე საყოველთაოდ ცნობილ პრინციპულ პოზიციას, რომლის ინტერპრეტირებასაც საქართველოს ლიდერი შეეცადა,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

სოხუმში ასევე აცხადებენ, რომ ლავროვს არაფერი უთქვამს ისეთი, რასაც შეეძლო თბილისის აღფრთოვანება გამოეწვია.

”საქართველო სასურველს რეალობად ასაღებს და სჯერა ამისი,”- იუწყება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით, ”ტყუილად ახარებს სააკაშვილს ლავროვის სიტყვები”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button