ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია ”იმედს” ტოვებს

ტელეკომპანია ”იმედის” წამყვანმა და პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ის ტელეკომპანიას ტოვებს და შესაძლოა პოლიტიკურ არენაზე დაბრუნდეს. 


ამის მიზეზად თარგამაძემ დაასახელა როგორც მმართველი კომპანიის News Corp.-ის, ისე არხის მეპატრონის, ბადრი პატარკაციშვილის, უუნარობა მოეგვარებინათ არსებული ვითარება. თარგამაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის დარჩენილი ჟურნალისტები მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობენ ”იმედში” მუშაობას, თუ პატარკაციშვილი გაემიჯნება ”იმედს” და იქნება ყველა საჭირო გარანტია იმისა, რომ ტელეკომპანიის მმართველობის სრულ პასუხისმგებლობას News Corp.-ი იკისრებს.


”ჩვენ შევთავაზეთ ტელევიზიის ხელმძღვანელობას, მმართველ კომპანიას და მფლობელს რამდენიმე ვარიანტი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად,” – განაცხადა თარგამაძემ 12 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”სამწუხაროდ, არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ჩემთვის დღემდე გაუგებარია რატომ ვერ მოახერხა თუნდაც არხის მეპატრონემ გადაედგა ნაბიჯი და ამ არხის გადასარჩენად წასულიყო მცირე დათმობაზე ჟურნალისტურ კოლექტივთან.  ჩემთვის დღემდე გაუგებარია რატომ გამოიჩინა ასეთი არააქტიურობა News Corp.-მა”.


ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლებმა და ადმინისტრაციამ 26 დეკემბერს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია ”დროებით წყვეტს” მაუწყებლობას ტელევიზიის მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის და ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად, რათა გაემიჯნოს მათ ”ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს”. მანამდე ტელეკომპანია ბევრმა წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა.
 
თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ”იმედი” ვერ განაახლებს მუშაობას ისე, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა.


მისი თქმით, ”სპეკულაცია” მისი შესაძლო პოლიტიკური კარიერის შესახებ ”სიმართლესთან ახლოსაა”. ”მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული; ამის თაობაზე მე მომიწევს ძალიან სერიოზული საუბარი ჩემი ოჯახის წევრებთან. ამ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პოზიციაც,” – განაცხადა თარგამაძემ.


მან არ გამორიცხა მისი თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომლის შექმნის თაობაზე პატარკაციშვილთან დაახლოებულმა პოლიტიკოსებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს. 


თარგამაძის განცხადება მისი პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე ეწინააღმდეგება მის მიერ 24 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან კატეგორიულად უარყო ვარაუდები მისი შესაძლო პოლიტიკური კარიერის თაობაზე.


სპეკულაციები თარგამაძის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ – თარგამაძე აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტიის ”აღორძინება” ლიდერი იყო 2003 წლის მარტამდე –  დეკემბერში მომწიფდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურატურამ 24 დეკემბერს გამოაქვეყნა ფარული ვიდეო ჩანაწერი. ჩანაწერში პატარკაციშვილის მოკავშირე, დეპუტატი ვალერი გელბახიანი ეუბნება შსს-ს თანამშრომელს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება თარგამაძის პოლიტიკაში წასვლის თაობაზე. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button