skip to content
ახალი ამბები

”რუსთავი 2” ჩაშლილი შეთქმულების სქემას აშუქებს

”რუსთავი 2”-ის საკვირაო პროგრამა P.S-მა 29 დეკემბრის გამოშვებაში გააშუქა სამი დამოუკიდებელი სიუჟეტი – მთლიანი ხანგრძლივობით დაახლოებით 25 წუთი – ბადრი პატარკაციშვილის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის უშედეგო მცდელობის შესახებ. სხვა პასაჟებთან ერთად, ხაზი გაესვა, რომ ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია პატარკაციშვილის დასაყრდენი პოლიტიკური ძალა უნდა გამხდარიყო. ასევე განხილული იყო პატარკაციშვილის წარსულიც.


საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო და აუდიო მასალა, რომელიც პატარკაციშვილს და მის მოკავშირეებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ამხელს. აუდიო ჩანაწერის შინაარსი ასეთი იყო: პატარკაციშვილი სთავაზობდა სოდ-ის უფროსს ერეკლე კოდუას 100 მლნ აშშ დოლარს არჩევნების შემდგომის არეულობის დროს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განეიტრალების სანაცვლოდ.


ყველაფერი უნდა დაწყებულიყო რამდენიმე მილიონი დოლარის კონტრაბანდით, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებისთვის იქნებოდა დახარჯული. შსს-ს მაღალჩინოსანი ამ ფულს პატარკაციშვილის მითითებების შესასრულებლად და შსს-ს სხვა ჩინოვნიკების მოსასყიდად გამოიყენებდა. ამის შემდეგ კი, აცხადებს ჟურნალისტი, შეთქმულები მზად იქნებოდნენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.


აღნიშნული სიუჟეტი გივი თარგამაძის, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარებით იყო გაჯერებული. მათ ჰქონდათ გეგმა პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის აღების, აცხადებს თარგამაძე და იქვე აგრძელებს, ისინი ასევე შეეცდებოდნენ პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდებას შავნაბადაზე.


”სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების შემდეგ, ერთადერთი პრობლემა იქნებოდა სააკაშვილი, რომელიც, გეგმის თანახმად, უნდა გაქცეულიყო საქართველოდან,”  – ამბობს ჟურნალისტი. შემდეგ სიუჟეტში ნაჩვენები იყო განადგურებული თბილისის ცენტრი. ”ეს ჩანაწერი 1992 წლის 6 იანვარს გაკეთდა – იმ დღეს, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია საქართველოდან გაიქცა [სამხედრო შეთქმულების შემდეგ],”- განაგრძობს ჟურნალისტი, ”მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთქმულება ჩაიშალა, პატარკაციშვილი, როგორც ის აცხადებს, განაგრძობს ბრძოლას და უნდა ვივარაუდოთ, რომ მას აქვს გეგმა ”ბ”.


მეორე სიუჟეტი ძირითადად პატარკაციშვილის ”პოლიტიკურ ძალაზე” ახდენს კონცენტრირებას, რომელიც 6 იანვარს დაგეგმილი არეულობის ლეგალიზებას მოახდენდა და ხელისუფლებაში მოვიდოდა, თუ შეთქმულება წარმატებულად განხორციელდებოდა.


სიუჟეტის თანახმად, პატარკაციშვილი თავდაპირველად შეეცადა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილი გამოეყენებინა თავის დასაყრდენ ძალად, თუმცა ყოფილი მინისტრის დაპატიმრებამ ეს გეგმები ჩიხში შეიყვანა. შემდეგ, ნათქვამია სიუჟეტში, მან ყურადღება ირაკლი კოდუაზე გადაიტანა.


”ახლა მისი საბოლოო დასაყრდენი ძალა ოპოზიციაა,” – ნათქვამია სიუჟეტში. ამ სიტყვების გასამყარებლად სიუჟეტში მოცემულია რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის და კონსერვატორული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის კომენტარები. ორივე მათგანი 8 დეკემბერს ლონდონიდან დაბრუნდა, სადაც ისინი ბადრი პატარკაციშვილს შეხვდნენ. ”ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივი გეგმების და ოპოზიციის სტრატეგიის შესახებ,”- აცხადებს უსუფაშვილი. შემდეგ სიუჟეტში წარმოდგენილია ოპოზიციური კოალიციის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის მიერ 24 დეკემბერს გაკეთებული განცხადება. მისი თქმით, იგი გამოიყენებს პატარკაციშვილის ფულს ”დაცარიელებული ხაზინის” შესავსებად.


სიუჟეტის თანახმად, კომპრომატების გამოქვეყნების შემდეგ პატარკაციშვილის მოკავშირეები მას გაემიჯნენ.


სიუჟეტი ასევე აფრთხილებს, რომ ჩანაწერები და პატარკაციშვილის გამოსვლა საპრეზიდენტო მარათონიდან არ ნიშნავს პოლიტიკური თამაშის დასასრულს. ”პატარკაციშვილს კვლავ აქვს საარჩევნო შტაბი,” – ნათქვამია სიუჟეტში.


მესამე სიუჟეტში პატარკაციშვილის წარსულზეა საუბარი. იგი იწყება ფარული აუდიო ჩანაწერის ნაწყვეტით, რომელშიც პატარკაციშვილი ეუბნება კოდუას: ”მე საქართველოში ვარ აი ასეთი ბუნჩულა ბაბუა, ჩემი ბეგრაუნდი იკითხონ რუსეთში რა, სადაც მე ცოტა სხვანაირად მიცნობენ, მე ჯერ გასროლაც კი არ დამიწყია. ”.


”რუსეთში იშვიათად ყოფილა რაიმე საქმე, ფულთან და სისხლთან დაკავშირებული, სადაც პატარკაციშვილის სახელი არ ფიგურირებს და უფრო ხშირად მისი სახელი უკავშირდება ცნობილ ავანტიურისტს ბორის ბერეზოვსკის,” – ნათქვამია სიუჟეტში. 
      


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button