ახალი ამბები

გაჩეჩილაძე ”რუსთავი 2”-ს და ”მზეს” უტევს

ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ დღეს ორ ტელეკომპანიას ”რუსთავი 2”-ს და ”მზეს” შეუტია მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მას ბადრი პატარკაციშვილთან ურთიერთობის შესახებ დაუსვეს კითხვები.


”მიმდინარეობდა კონსულტაციები  პრეზიდენტობის კანდიდატურის მოხსნაზე,” – განუცხადა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე 27 დეკემბერს. მან ასევე ”ბინძური თამაშების” გამო გააკრიტიკა ბადრი პატარკაციშვილი და მიხეილ სააკაშვილი და ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციურ კოალიციას ”თავისი გზა, ფასეულობები და ღირსება” აქვს, რასაც არაფერი აქვს საერთო ან პატარკაციშვილთან, ან სააკაშვილთან.


როდესაც ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტმა ჰკითხა გამოიწვია თუ არა პატარკაციშვილთან მისი ”გამიჯვნის” გადაწყვეტილება მის შესახებ კომპრომატების გამოქვეყნებამ, გაჩეჩილაძემ გაბრაზებით უპასუხა: ”რომელ გადაწყვეტილებაზეა საუბარი? კიდევ ერთხელ ვიმეორებთ არავის არ ვემიჯნებით. ნუ გაქვთ ”მზეს” და ”რუსთავი 2”-ს მცდელობა, რომ ვინმეს მიგვაწებოთ. ჩვენ გვქონდა ჩვენი ბრძოლა, ჩვენ გვქონდა ჩვენი გზა, ჩვენ გვქონდა ჩვენი საარჩევნო კამპანია და ამ ფასეულობების და ღირსების ერთგულები ვრჩებით დღესაც”.


კოალიციის სხვა ლიდერებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ პრესკონფერენციას განაცხადეს, რომ ეს განცხადებები ეხებოდა ორი ტელეკომპანიის მფლობელებს და არა ჟურნალისტებს. ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებს ამ ორ ტელეკომპანის მიკერძოებაში ხელისუფლების სასარგებლოდ. 


ტელეკომპანიების ”მზე” და ”რუსთავი 2”-ს მფლობელია ორი კომპანია – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი და ”გეომედია ჯგუფი”. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ორივე ტელეკომპანიაში აქციების 45%-ს ფლობს, სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია საგარეო საქმეთა მინისტრის ძმა დავით ბეჟუაშვილი.


დანარჩენ აქციებს ”რუსთავში 2”-ში და ”მზეში”, ანუ 55%-ს გეომედია ჯგუფი ფლობს. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოიპოვება ის არის, რომ ეს კომპანია მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button