skip to content
ახალი ამბები

ექვსმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია “იმედი” დატოვა

ტელიმედის ექვსმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს ტელეკომპანიის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი შეთქმულების დაგეგმვის სკანდალში გაეხვა.


ექვსივე ჟურნალისტი საკვირაო გადაცემაში ”დროება” მუშაობდა, რომლის წამყვანიც ტელეკომპანიის პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელი გიორგი თარგამაძეა.


”ჩვენ ძალიან გვეამაყება ”დროებაში” ოთხი წლის განმავლობაში გასული ყველა სიუჟეტი,”  – განაცხადა რუსუდან ცხომელიძემ 26 დეკემბერს ჟურნალისტებით სახელით გაკეთებული განცხადების გახმოვანებისას, ”ჩვენს გუნდს არასდროს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმეს ზეწოლით, კარნახით და დაკვეთით. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საქართველოს ტელესივრცეში თავისუფლების მაღალი ხარისხი, რაც იყო ჩვენი გუნდის და უშუალოდ არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დირექტორის გიორგი თარგამაძის დამსახურება”.


”ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომელიც განხორციელდა 7 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედში” ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ასევე აბსოლუტურად მიუღებელია ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ბოლო დღეების განმავლობაში. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი არხის დამფუძნებელი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარი მოქმედი პირია, ჩვენთვის მიუღებელია ტელეკომპანია ”იმედში” დარჩენა, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური თავისუფლებაც კი არასწორად იქნას გამოყენებული. სწორედ ამიტომ ვტოვებთ ტელეკომპანია ”იმედს”. უმორჩილესად გთხოვთ ყველას ჩვენ ამ ნაბიჯს ნუ მისცემთ რაიმე სახის პოლიტიკურ ინტერპრეტაციას”.


25 დეკემბერს ”იმედის” თანამშრომლების სახელზე გაკეთებულ მიმართვაში ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი ბოლო დროს თვალს ადევნებს იმ ”თვითშეზღუდვას”, რომელსაც ”იმედის” ჟურნალისტებს შორის აქვს ადგილი. ”ჩემი რეკომენდაცია იქნება: იყავით ისეთივე ლაღები, როგორიც იყავით და ნურავითარ შემთხვევაში ნუ შეიზღუდებით, ნუ შეგაშინებთ ეს ხელისუფლება,” – განაცხადა პატარკაციშვილმა.


ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა ამ მიმართვის გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ პატარკაციშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა ჟურნალისტებისთვის მიემართა, რაც გაიგო, რომ რამდენიმე ჟურნალისტი ტელეკომპანიიდან წასვლას აპირებდა. 
           

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button