
ნათელაშვილი დსთ-ს დამკვირვებელთა მისიას უნდობლობას უცხადებს
ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს 5 იანვრის არჩევნებზე დსთ-ს სადამკვირვებლო მისიას.
”დსთ-ს დამკვირვებლებს ვუცხადებ უნდობლობას, რადგან მათი აქტები, ოქმები და წინა პერიოდში გაწეული მუშაობა იყო მთლიანად პრო-სააკაშვილისტური,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნათელაშვილმა.
ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შეხვედრა გამართა დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ნაურიზ აიდაროვთან, რომელიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დსთ-ს 30-კაციან სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს.
ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დსთ-ს მისია ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნების ”ნოტარიულად” დამოწმებას განახორციელებს. ”სხვათა შორის ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელ მათიას იორშთან ერთად და ინგლისელ ლეიბორისტ ბრიუს ჯორჯთან ერთად – აი ეს სამი ინსტიტუტი არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი,”- განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა.