ახალი ამბები

ამომრჩეველთა სიები საკამათო თემაა

მმართველმა პარტიამ ”ისტერია” უწოდა ოპოზიციის განცხადებებს ამომრჩეველთა სიებში უზუსტობების თაობაზე, რაც ხელისუფლების განცხადებით, საარჩევნო პროცესის და მომავალი არჩევნების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.


ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩეველთა სიების ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით – ეს უკვე ჩვეული ბრალდებაა საქართველოში, რომელიც ყოველი არჩევნების წინ გაისმის. 


ცესკო-ს ცნობით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3  372 836-ს შეადგენს. ეს სია ცესკო-მ ე.წ. ”კარდაკარ” შემოწმების მეთოდით და ასევე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებული მონაცემების და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემების საფუძველზე შეადგინა. ეს უკანასკნელი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა რეგისტრაციას კურირებს.


3.3 მილიონ ამომრჩეველზე მეტი საქართველოს 4.4 -მილიონიანი მოსახლეობის 76.6%-ს შეადგენს (სტატისტიკის დეპარტამენტი). დეპუტატმა კონსერვატორული პარტიიდან კახა კუკავამ ეს მაჩვენებლები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ”საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ აღემატება მთლიანი მოსახლეობის 65%-ს”.


ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა, რომელიც 14 დეკემბერს აქტიურად ჩაერთო ამომრჩეველთა სიების შესახებ დებატებში, განაცხადა, რომ ოპოზიციის ლოგიკა აბსოლუტურად მცდარია.  ”ჩვეულებისამებრ, მთლიანი მოსახლეობის ორი-მესამედი ამომრჩეველია,” – განაცხადა მან, ”პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს მაჩვენებელი 70-80%-ის ფარგლებში მერყეობს და დასავლეთ ევროპული ქვეყნების უმეტესობაში საშუალო პროცენტი დაახლოებით 75%-ს შეადგენს (გათვლები ეფუძნება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის IFES-ის ვებ-გვერდის Electionguide.org-ის მონაცემებს).


იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფს ხელმძღვანელობს, 14 დეკემბერს ასევე დაიცვა საარჩევნო სიები.


”ამომრჩეველთა სიები ნაჩქარევად არ შექმნილა,” – განაცხადა მან, ”რეფორმები სამოქალაქო რეესტრში 2005 წელს დაიწყო. სამოქალაქო რეესტრში სრული ქაოსი იყო და ბევრ მოქალაქეს საერთოდ არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მას შემდეგ ჩვენ შევცვალეთ მთელი სისტემა და ამჟამად ცდომილების ზღვარი სამოქალაქო რეესტრის მონაცემებში 1%-ზე ნაკლებია. ამომრჩეველთა სიების შედგენის მთავარი წყარო სწორედ სამოქალაქო რეესტრიდან მოწოდებული მონაცემებია”.


ოპოზიციამ სიების კრიტიკისას ამომრჩეველთა ამჟამინდელი ოფიციალური რაოდენობა შეადარა 2004 წლის არჩევნებზე არსებულ სიებს. 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს დაახლოებით 2.3 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველი იყო. 


”ეს რა თქმა უნდა იწვევს ეჭვებს, რომ ამომრჩეველთა სიები განზრახ გააყალბეს,” – განაცხადა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრია, ”ხელისუფლება განზრახ აყალბებს ამომრჩეველთა სიებს”.


”საქართველოს მოსახლეობა კლებულობს, თუმცა ამომრჩეველთა რაოდენობა ერთი მილიონით გაიზარდა,” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი გუგავამ 14 დეკემბერს, ”სიებში შეტანილია ე.წ. მკვდარი სულები და გამოგონილი გვარები, რათა შემდეგ სააკაშვილის სასარგებლოდ არჩევნების დღეს ”კარუსელი” მოეწყოს”.


ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად მცდარია 2004 წლის ამომრჩეველთა სიების შედარება ახლანდელთან. 2004 წლის სიებში საარჩევნო ადმინისტრაციებში რეგისტრაციის საფუძველზე დაფიქსირებული ამომრჩეველი შედიოდა. შემოწმების შედეგად ეს რაოდენობა თანდათან გაიზარდა, განაცხადა მან.


ოპოზიციამ ამომრჩეველთა სიების გაკრიტიკება მას შემდეგ განაახლა, რაც ცესკო-მ უარი თქვა სიების გადამოწმების პროცესის გახანგრძლივებაზე. გადამოწმების ვადა 13 დეკემბერს ამოიწურა. ვადის ამოწურვამდე ამომრჩევლებს, პარტიებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ ამომრჩეველთა სიებში  არსებული დარღვევების შესახებ ეცნობებინათ საარჩევნო ადმინისტრაციებისათვის. ცესკო-ს ოპოზიციური წევრები მოითხოვდნენ, რომ გადამოწმების ვადა სულ ცოტა სამი დღით გახანგრძლივებულიყო. 


”ჩვენ ვადის ამოწურვამდე სიების მხოლოდ მეათედი გადავამოწმეთ ბათუმში და 128 გარდაცვლილი აღმოვაჩინეთ,” – განაცხადა ოპოზიციური კოალიციის საარჩევნო შტაბის უფროსმა ბათუმში დავით ბაციკაძემ 15 დეკემბერს, ”დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მეტსაც აღმოვაჩენდით ვადა რომ გაგრძელებულიყო”.


ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ პირადად ის მხარს უჭერდა გადამოწმების პროცესის გაგრძელებას, თუმცა ეს წინადადება ჩავარდა, რადგანაც ცესკო-ს ზოგიერთი წევრი შიშობდა, რომ ეს ავტომატურად გამოიწვევდა სხვა პროცედურების ვადების გადაწევასაც, მათ შორის სიების გამოქვეყნებას საარჩევნო უბნებზე.


კანონით გათვალისწინებულია ამომრჩეველთა რეგისტრაცია არჩევნების დღეს. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ ეს წესი არჩევნების გაყალბების რისკს გაზრდის. ოპოზიცია ამომრჩეველთა არჩევნების დღეს რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოდიან, რადგანაც მათ არჩევნების გაყალბების ეშინიათ – ე.წ. კარუსელის მეშვეობით.


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 14 დეკემბერს განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბება ”პოლიტიკური თვითმკვლელობის” ტოლფასი იქნება და ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.



 

Back to top button