
ოპოზიციონერი ლიდერი პატარკაციშვილზე და პოსტ-საარჩევნო პერიოდზე საუბრობს
პრეზიდენტობის კანდიდატს და ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს არასოდეს ”არანაირი კატეგორიული მოთხოვნა არ წაუყენებია” ოპოზიციური კოალიციისთვის, რომელსაც საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ჰყავს, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
მმართველი პარტია და მედიის ზოგიერთი საშუალება ცოტა ხნის წინ ვარაუდობდა, რომ ოპოზიციური კოალიცია დათანხმდა პატარკაციშვილს გაპრემიერებას 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში, ბიზნესმენის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.
”ბადრი პატარკაციშვილს ჩვენთვის არასდროს არანაირი კატეგორიული მოთხოვნა არ წაუყენებია… დღევანდელი მდგომარეობით, ზოგადად ჩვენი ურთიერთობა პატარკაციშვილთან უკიდურესად ნორმალური, საქმიანი და კეთილგანწყობილია,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდა.
პატარკაციშვილსა და ოპოზიციას შორის ”ფარული გარიგების” შესახებ ვარაუდები მას შემდეგ გავრცელდა, რაც უსუფაშვილი და კოალიციის კიდევ რამდენიმე წევრი გასულ კვირას ლონდონს ესტუმრნენ და პატარკაციშვილს შეხვდნენ.
უსუფაშვილის თქმით, ოპოზიციური კოალიცია თერთმეტ წევრს აერთიანებს – ცხრა პარტიას და ორ ოპოზიციურ აქტივისტს, გიორგი ხაინდრავას და დეპუტატ ლევან გაჩეჩილაძეს. ყველა გადაწყვეტილება, უსუფაშვილის თქმით, მიიღება ფორმულის – ”კონსენსუსს მინუს ერთი” – საფუძველზე, ანუ თერთმეტიდან ათი ხმაა საჭირო ერთობლივი გადაწყვეტილების მისაღებად. უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, მთავრობა ამ ფორმულის გამოყენებით დაკომპლექტდება.
მან ასევე უარყო ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ნაცვლად თავად არჩევნებზე კონცენტრირებისა, ოპოზიცია არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. თუმცა, უსუფაშვილმა არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საზოგდოებრივი რეაქციის თაობაზე ასევე გააფრთხილა.
”მიუხედავად მობილიზებული ასობით მილიონის და სახელისუფლებო რესურსისა, ხელისუფლება ხედავს, რომ საარჩევნო თვალსაზრისით უკიდურესად უჭირს და ამიტომ, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, აქტიურად ნერგავს იმ აზრს, რომ 6 იანვარს ოპოზიცია რაღაცას აპირებს,” – განაცხადა უსუფაშვილმა, ”ჩემი აზრით, გაყალბების, მოსყიდვისა და შანტაჟის პირობებში, ხელისუფლება გეგმავს 5 იანვრის არჩევნების შედეგების ისე დასმას, როგორც მათ გაუხარდებათ”.
უსუფაშვილის თქმით, ამის პასუხი იქნება ”მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა და ეს ტალღა იქნება სასამართლოში საჩივრების შეტანა, საერთაშორისო დამკვირვებლებთან ურთიერთობა და ეს შესაძლოა იყოს მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგი, თუკი ხალხმა დაინახა, რომ მათი ხმა მოპარულია”.
”ამ ფონზე, რომელიც თავად ხელისუფლების ნამოქმედარზე რეაქცია შეიძლება იყოს, ვთვლით, რომ მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაცია,” – განაცხადა უსუფაშვილმა, ”რათა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე საბაბი მიეცეს, რომ მან მერე მშვიდად დაასრულოს ეს საარჩევნო კამპანია, ოქმების დათვლით, შედეგების შეჯამებით და ა.შ. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. მაგრამ თუ არჩევნები უკვე ჩატარებულია, მისი შედეგების დათვლის პროცესზე კონსტიტუცია არაფერს ამბობს”.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია მოგვარდება, მათ შორის საერთაშორისო ძალისხმევით. ამ კონტექსტში მან აშშ-ს სენატის 13 დეკემბრის რეზოლუციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც მოუწოდებს აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ”ღია დიალოგში ჩაერთოს საქართველოს რესპუბლიკის ლიდერებთან, რათა მხარდაჭერა გამოხატოს საპრეზიდენტო არჩევნების და იმ მოლოდინის მიმართ, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩატარდება”.