ახალი ამბები

საარჩევნო გრაფიკი და პროცედურები

დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ერთადერთია, სადაც გამოკვეთილი ფავორიტი წინასწარ არ არის ცნობილი განსხვავებით წინა: 1991 წლის (ზვიად გამსახურდიამ ხმათა 86,5% მიიღო), 1995 და 2000 წლების (ედუარდ შევარდნაძემ ერთ შემთხვევაში ხმათა 70% და მეორედ, ხმათა 80% მოიპოვა) და 2004 წლის (მიხეილ სააკაშვილმა 96%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა) საპრეზიდენტო არჩევნებიდან.


ქვემოთ გთავაზობთ საარჩევნო გრაფიკისა და საკანონმდებლო წესების მოკლე მიმოხილვას:


კანდიდატები


ცესკომ რეგისტრაციაში პრეზიდენტობის 7 კანდიდატი გაატარა და მათი საარჩევნო რიგითი ნომრები შემდეგი თანმიმდევრობით განსაზღვრა:

1. ლევან გაჩეჩილაძე , ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი;
2. ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი;
3. დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი;
4. შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი;
5. მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან;
6. გია მაისაშვილი, მომავლის პარტიის დამფუძნებელი;
7. ირინა სარიშვილი პარტია ”იმედის” ლიდერი.


სურვილის შემთხვევაში მათ კანდიდატურების მოხსნა 4 იანვრის 12 საათამდე შეეძლებათ.


თავდაპირველად პრეზიდენტობის კანდიდატობაზე განაცხადი 22-მა მსურველმა წარადგინა, თუმცა მათგან მხოლოდ 13-მა შეაგროვა მინიმუმ 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა. აქედან, კანდიდატობის 6 მსურველს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.


საარჩევნო ადმინისტრაციები


ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 13 წევრით არის დაკომპლექტებული, სადაც ხელისუფლება 7 წევრიანი უმრავლესობით არის წარმოდგენილი. ამჟამად, კომისიაში შედის პროფესიული ნიშნით შერჩეული 6 წევრი:


ლევან თარხნიშვილი – თავმჯდომარე;
დავით კირთაძე – თავმჯდომარის მოადგილე;
გიზო მჭედლიძე – კომისიის მდივანი;
გიორგი არეშიძე;
ლუხუმ ბურჯალიანი;
ემზარ ფაჟავა;


და ამ შემადგენლობას დამატებული 7 პარტიის წარმომადგენელი:


დავით გურგენიძე – პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
ზურაბ მარაქველიძე – საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
გიორგი ჯავახიშვილი – პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
ნოდარ მუსერიძე – პარტია ახალი მემარჯვენეები;
გიორგი მთვარელიძე – საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
დავით ბარდაველიძე – პოლიტიკური გაერთიანება თავისუფლება;
ნინო გოგუაძე – კონსერვატიული პარტია.


საოლქო საარჩევნო კომისიები ისევ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული რჩება კონკურსის წესით შერჩეული 5 მოხელეისაგან. საარჩევნო კოდექსის უკანასკნელი ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის ამ შუალედურ რგოლს დარჩა მხოლოდ ტრანზიტის ფუნქცია საუბნო და ცენტრალურ კომისიებს შორის და აღარ აქვს უბნის შედეგების გაბათილების და შედეგების შეჯამების უფლება. აღნიშნული კომპეტენციები ცესკოს დაეკისრა.


საუბნო საარჩევნო კომისიები ასევე 13 წევრით არის დაკომპლექტებული, სადაც შედის:  ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიერ დანიშნული 7 წევრი და 6 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. საუბნო კომისიებმა 7 დეკემბრიდან დაიწყეს ფუნქციონირება.


საარჩევნო უბნები


2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 76 საარჩევნო ოლქში 3399 საარჩევნო უბანია გახსნილი, ხოლო საზღვარგარეთ 41 უბანი შეიქმნა.

თითოეულ უბანი, საარჩევნო კანონში 22 ნოემბერს შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების თანახმად, არ უნდა მოიცავდეს 1500 ამომრჩეველზე მეტს [ადრე მაქსიმალური რაოდენობა 2000 იყო]. თუმცა 2000-იანი უბნები 5 იანვრის არჩევნებისთვის დაშვებულია მხოლოდ სოფლად.


ამ ცვლილებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ უბნების რაოდენობა, რომელიც ადრე 3 ათასი იყო, გაიზარდა და შესაბამისად, შეიცვალა უბნების საზღვრები. იმისათვის რომ ამ ცვლილების გამო ხმის მიცემის ადგილთან დაკავშირებით ამომრჩეველი არ დაიბნეს, მას 3 იანვარს დაურიგდება ამომრჩევლის ბარათი, სადაც მითითებული იქნება მისი საარჩევნო უბნის მისამართი.


საარჩევნო სიები


ცესკომ თავის ვებ-გვერდზე თავდაპირველად გამოაქვეყნა ამომრჩეველთა 3 372 179-კაციანი სია, რომელიც ოქტომბერში ე.წ. ”კარდაკარ” გადამოწმების პრინციპით გადამოწმდა. თუმცა ერთიანი სია, 2 იანვრის მდგომარეობით, 3 352 448-მდე შემცირდა.


ამ სიაში ამომრჩეველს შეეძლო გადაემოწმებინა თავისი თავი და 13 დეკემბრამდე მიემართა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სიაში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით. ასეთი მიმართვის უფლება ასევე აქვთ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას და დამკვირვებელ ორგანიზაციას. სიებში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა 23 დეკემბერი იყო.  

აღნიშნულ პროცედურებთან ერთად გათვალისწინებულია არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაცია ანუ დამატებითი სიები. ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში ნოემბერში მმართველი პარტიის ინიციატივით  იმ მოტივით შევიდა, რომ არცერთმა ამომრჩეველმა არ დაკარგოს ხმის უფლება. თუმცა ოპოზიცია დამატებით სიებს, რომელიც ადრე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით იყო გაუქმებული, ე.წ ”კარუსელის” მეთოდით არჩევნების გაყალბების წყაროდ მიიჩნევს მიუხედავად იმისა, რომ კანონში რამდენიმე დამცავი მექანიზმია გათვალისწინებული, მათ შორის პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა ამომრჩევლის მიერ.

ცესკო-მ დამატებითი სიებით ხმის მიცემა ასევე დაუშვა საზღვრაგარეთ გახსნილ უბნებშიც.  


სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა რიცხოვნობა 32 ათასამდეა, კანონმდებლობა აძლევს არჩევანის უფლებას ან დისლოკაციის მიხედვით მისცეს ხმა ან საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, თუმცა მათ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ 22 დეკემბრამდე უნდა აცნობონ შესაბამის საუბნო კომისიას.


საარჩევნო ფონდები


ცესკოს მიერ კანდიდატების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თითოეული კანდიდატი ვალდებულია გახსნას საარჩევნო ფონდი, რომელშიც ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მოცულობა ფიზიკური პირისაგან – 30 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.  ამასთან, კანონმდებლობა კრძალავს ანონიმურ შემოწირულობებს. 


არჩევნების შედეგების შეჯამებიდან ერთ თვეში კანდიდატებმა ცესკოს აუდიტორულ დასკვნასთან ერთად უნდა წარუდგინონ ფონდის გამჭვირვალე ანგარიში და მასში ხარვეზი, არსებობის შემთხვევაში, 2 დღის ვადაში გამოასწორონ, რათა ეს არ გახდეს არჩევნებზე მათი შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.


სხვა მნიშვნელოვანი წესები და ვადები


3 იანვრის 8 საათიდან 5 იანვრის 20 საათამდე იკრძალება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. არჩევნების დღეს კი იკრძალება კანდიდატების სარეკლამო რგოლების გაშვება;


იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს, თეორიულად კენჭისყრაში ერთი ამომრჩევლის მონაწილეობაც საკმარისია, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა აღარ განსაზღვრავს საჭირო ამომრჩეველთა რაოდენობის აქტივობის ქვედა ზღვარს;


ცესკოს არჩევნების შედეგების შეჯამებისთვის მაქსიმალური ვადა 13 იანვრამდე აქვს, თუმცა მანამდე მას შეუძლია წინასწარი შედეგები გამოაქვეყნოს;


5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებზე ხმები ბათილი ბიულეტენების გათვალისწინებით დაითვლება; 


მეორე ტური, არჩევნებიდან ორი კვირის თავზე, იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ  5 იანვრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს რომელიმე კანდიდატი;


ამომრჩეველთა აქტივობის ზღვარი – 1/3 –  ნოემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე გაუქმდა არჩევნების მეორე ტურზეც;


მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატი და გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს. ხმების თანაბარი ოდენობის შემთხვევაში პრეზიდენტი ის კანდიდატი გახდება, რომელმაც პირველ ტურში უკეთესი შედეგი აჩვენა.

Back to top button