ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სიების გამო უტევს

პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატების ბადრი პატარკაციშვილის, შალვა ნათელაშვილის და ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბები ხელისუფლებას საარჩევნო სიების გაყალბებაში და მის ხელოვნურად გაბერვაში სდებენ ბრალს.


ისინი პრეტენზიებს გამოთქვამენ იმის გამო, რომ 2004 წლის არჩევნების შემდეგ, როცა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2,2 და 2,3 მლნ-ს შორის მერყეობდა, ეს მონაცემი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, 3 372 179-მდე გაიზარდა. 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 3,2 მლნ იყო ამომრჩევლთა რაოდენობა.


”რა თქმა უნდა ყველას დაებადა ეჭვი, რომ ეს არის შეგნებულად ფალსიფიცირებული საარჩევნო სიები,”- განაცხადა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა, დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა 14 დეკემბერს.


მან ასევე განაცხადა, რომ შტაბმა გადაამოწმა თბილისში ვაკის #29 უბანი, სადაც საარჩევნო სიების ბაზასთან შეუსაბამობები იქნა გამოვლენილი. იმავდროულად, დეპუტატმა გოგი წულაიამ, რომელიც პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს ქუთაისში ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ქუთაისში სიებში 100-მდე არარსებული მისამართია შეტანილი შესაბამისი ამომრჩევლების მითითებით.


”ხელისუფლება შეგნებულად აყალბებს და ამახინჯებს საარჩევნო სიებს,”- აცხადებს გელბახიანი.


ლეიბორისტული პარტიის და ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის წარმომადგენლებმა ასევე დაადანაშაულეს ხელისუფლებას სიების გაყალბების მცდელობაში.


”მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაცია და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა საქართველოში, ამომრჩეველმა მილიონით მოიმატა,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათელაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ, ”ე.წ მკვდარი სულები და მოგონილი გვარები შეტანილია სიებში იმისათვის, რათა არჩევნების დღეს სააკაშვილის სასარგებლოდ დატრიალდეს კარუსელი”.


ამ ბრალდებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა ”პოლიტიკური სპეკულაცია” უწოდა.


მან ასევე განაცხადა, რომ სამი წლის წინანდელ სიებსა და დღევანდელ სიებს შორის რაოდენობრივი სხვაობა განპირობებულია იმით, რომ 2004 წელს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში ითვლებოდა მხოლოდ რეგისტრირებული ამომრჩეველი, ხოლო ამჟამად სიები კარდაკარ შემოვლის პრინციპით არის შედგენილი. 

Back to top button