skip to content
ახალი ამბები

პატარკაციშვილი უსაფრთხოების გარანტიებს დაჟინებით ითხოვს

ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დასაწყებად საქართველოში მხოლოდ მაშინ ჩამოვა, როცა ხელისუფლება მას უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს მისცემს, განაცხადა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ვალერი გელბახიანმა 14 დეკემბერს.


პრესკონფერენციაზე საუბრისას ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ პატარკაციშვილი თბილისში დაბრუნებას 14 დეკემბერს აპირებდა, თუმცა მისი გეგმები შეიცვალა, რადგანაც ”ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს თავის პოზიციას, როდესაც არ უქმნის კანდიდატს სათანადო პირობებს კამპანიის განსახორციელებლად”. პატარკაციშვილი ხან ლონდონში, ხან ისრაელში იმყოფება.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ პატარკაციშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, მას, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, იმუნიტეტი იცავს. თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია მოუხსნას მას ეს იმუნიტეტი, თუ პროკურატურა ამისთვის საფუძვლიან მოთხოვნას წარუდგენს.


ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებენ რაიმე დამატებითი გარანტიების მიცემას პატარკაციშვილისთვის, რადგანაც კანონი უკვე ითვალისწინებს მისთვის იმუნიტეტს, ისევე როგორც დანარჩენი კანდიდატებისთვის. იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 13 დეკემბერს აღნიშნა, რომ მოთხოვნას დამატებითი გარანტიების თაობაზე იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და რომ ეს მხოლოდ პატარკაციშვილის ”წინასაარჩევნო ხრიკია”.


პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის განცხადებით, დამატებით გარანტიებში ისინი გულისხმობენ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ან გენერალური პროკურატურის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არ დააპატიმრებს პატარკაციშვილს.


თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის შემთხვევაშიც. ლეიბორისტების ლიდერს ჯაშუშობასა და ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობაში ედებოდა ბრალი.


პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომამდე მიხეილ სააკაშვილმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ნათელაშვილს არ დააპატიმრებდნენ და მას შეეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. იმავე დღეს, გენერალურმა პროკურატურამ შეარბილა პოზიცია ნათელაშვილის მიმართ განაცხადა რა, რომ მას მოწმის სტატუსით დაკითხავდა. ამ განცხადების შემდეგ ნათელაშვილი საჯაროდ გამოჩნდა და განცხადებაც გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.    


14 დეკემბერს გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ პატარკაციშვილს მსგავსი დამატებითი გარანტია სჭირდება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button