ახალი ამბები

სააკაშვილი მთავრობას მოსახლეობისთვის დავალიანების ჩამოწერას თხოვს

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გადახდისუუნარო მოსახლეობა ელექტროენერგიისა და გაზის დავალიანებისაგან უნდა გათავისუფლდეს.


”მე მივმართავ მთავრობას თხოვნით, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ იმისათვის, რომ დევნილებს და იმ ხალხს ვისაც გასული წლების დავალიანება დაუგროვდათ და რომლის გადახდის საშუალება არ არის, მოხდეს ამ ვალის რესტრუქტურიზაცია და ეს ვალი ჩამოწერონ,”- განაცხადა სააკაშვილმა დღეს  თავის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქვემო ქართლში სტუმრობის დროს.  


”მთავრობას შეეძლება ალბათ და შეეძლება კიდევაც გადაიხადოს ეს ვალი, მთავარია რომ ხალხს არ აწვეს ეს დამოკლეს მახვილივით,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ ვლაპარაკობთ გაჭირვებულ ოჯახებზე, რომელიც მიმდინარე დავალიანებას იხდის, თუნდაც ვაუჩერებით, მაგრამ ძველი დავალიანება ჩემი მოთხოვნა იქნებოდა, რომ ეს მოვუხსნათ ხალხს”.

მთავრობა ოქტომბრიდან გასცემს ელექტროენერგიისა და გაზის 50-50 ლარის ღირებულების ვაუჩერებს პენსიონერებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებსა და პედაგოგებზე.


ამავდროულად, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა 11 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დავალიანების გაქვითვის საკითხი უკვე განხილულია ”ყაზტრანსგაზ-თბილისთან” და ”თელასთან”.


”ვალი უკვე გაუქმებულია; მთავრობა ამ საკითხს ”ყაზტრანსგაზ-თბილისთან” და ”თელასთან” უკვე დიდი ხანია განიხილავს,” – განაცხადა სუბელიანმა.


თუმცა, უცნობია რა რაოდენობის ვალზეა საუბარი.


ამასობაში, ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსიონერებმა საქართველოს მასშტაბით დღეიდან გაზრდილი პენსიები მიიღეს. 11 დეკემბრიდან მინიმალური პენსია 38 ლარიდან 55 ლარამდე გაიზარდა.    


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button