სააკაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს დევნილების დაბრუნებაზე აკეთებს აქცენტს
5 იანვარს წყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და შემდგომი ეკონომიკური წინსვლის ბედი, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
1 დეკემბერს საღამოს სააკაშვილი მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ქართველი მომღერლების კონცერტზე მივიდა. სააკაშვილი მაშინ გამოჩნდა სცენაზე, როდესაც მერაბ სეფაშვილი მღეროდა: ”ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე, გაიმარჯვებ იცოდე, ჩემო ვაჟკაცო”.
სააკაშვილის გამოსვლა სრულად პირდაპირ ეთერში მხოლოდ ტელეკომპანია ”მზემ” უჩვენა, ხოლო მისი ნაწილი ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ”გადასცეს.
”5 იანვარს [არჩევნებზე] ყველაფერი ჩაივლის კარგად და ჩვენ მივიღებთ ყველანი ბილეთს თბილისი-სოხუმის მატარებელზე,”- განუცხადა სააკაშვილმა კონცერზე შეკრებილ ადამიანებს, ”მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ხალხი [დევნილები] დავაბრუნოთ სახლებში, საქართველო გავაერთიანოთ”.
გზავნილი დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების შესახებ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედი გახდა. 28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”.
1 დეკემბერს ვარკეთილში კონცერტის დამსწრეებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში გავრცელდა ხმები, რომ ის საზოგადოებრივ მხარდაჭერას კარგავს: ”თქვენ გგონიათ, რომ არ აგვირჩევენ და არა გვაქვს მხარდაჭერა? აი შეხედეთ ამ ხალხს, ამ ათასობით ადამიანს, რომელიც აქ არის შეკრებილი – აი ეს არის ქართველი ხალხი, აი ეს არის ჩვენი ხმა და ჩვენ ხმას ჩვენ ვერავინ ვერ წაგვართმევს”.
იმავე დღეს დილით სააკაშვილი წალენჯიხას სტუმრობდა, სადაც ასევე ისაუბრა დევნილთა დაბრუნებაზე. სააკაშვილმა თავის ემოციურ გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შექმნის ყველა პირობას, რათა ”ყველა დევნილი სულ მალე დაბრუნეს ჩვენს აფხაზეთში”.
სააკაშვილის განცხადებით ეს მოხდება იმ შემთხვევაში, ”თუ ჩვენ 5 იანვარს მივიღებთ ახალ მანდატს, თუ ჩვენ ვიაქტიურებთ, თუ ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, თუ ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას და საქართველოს დამხობის მცდელობას”.
იგი ასევე დაპირდა მოსახლეობას, რომ მინიმალური პენსია საქართველოში 100 აშშ დოლარის ექვივალენტი გახდება. ”ჩვენ გავაკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სტაბილურობის პირობებში მინიმალური პენსია საქართველოში იყოს 100 ამერიკული დოლარი და მე, როგორც აქამდე შევასრულე ყველა დაპირება, აქედანაც შევასრულებ ყველა დაპირებას,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 1 დეკემბერს წალენჯიხაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
სააკაშვილი ასევე დაპირდა, რომ სახელმწიფო გადაიხდის ხელმოკლე წარჩინებულ სტუდენტების ბინის ქირას და მომავალ წელს 1 000 სტუდენტის სწავლას დააფინანსებს საზღვარგარეთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)